ჰაერის დაბინძურება საქართველოს ქალაქების ერთ-ერთი მწვავე პრობლემა 

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი ახალ ინიციატივაზე მუშაობს, რომელიც ჰაერის დაბინძურების პრობლემას შეეხება.

​პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ჰაერის დაბინძურების საკითხი საქართველოს მოსახლეობისთვის ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური თემაა, განსაკუთრებით კი თბილისის მოსახლეობისთვის, სადაც სხვადასხვა საერთაშორისო შეფასებებით საკმაოდ ცუდი მაჩვენებლებია, რაც ბუნებრივია, შემდეგ უკვე აისახება ადამიანების, განსაკუთრებით კი ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

„ამ პრობლემას სჭირდება სერიოზული ყურადღება სხვადასხვა ინსტიტუტების მხრიდან და მათ შორის, რა თქმა უნდა, საქართველოს პარლამენტის მხრიდან. საკითხის აქტუალობიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე, კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ განსაკუთრებული ყურადღება სწორედ ამ ფორმით გამოეჩინა. კერძოდ, საკომიტეტო მოკვლევა პირველად პარლამენტის პრაქტიკაში სწორედ ამ საკითხზე ჩატარებულიყო“, – აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

​როგორც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, კახაბერ კუჭავამ „სითი კვირას“ განუცხადა, ჰაერის დაბინძურება ერთ-ერთი ყველაზე პრობლემურია ქვეყანაში, განსაკუთრებით კი თბილისში, რის გამოც გადაწყდა, რომ პირველად სწორედ აღნიშნულ საკითხზე ჩატარებულიყო საკომიტეტო მოკვლევა. საკომიტეტო მოკვლევის შედეგად კომიტეტი შეიმუშავებს ახალ საკანონმდებლო ინიციატივას და აღმასრულებელ უწყებებს წარუდგენს ინსტრუქციებს და რეკომენდაციებს თბილისში ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, რის შემდეგაც ინსტრუქციების შესრულებაზე მკაცრი საპარლამენტო კონტროლი განხორციელდება.

 

მსგავსი თემები