ჯონ ბოლტონთან დაკავშირებით დეზინფორმაცია ვრცელდება – დავით ზალკანიანი 

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯონ ბოლტონმა, საქართველოში ვიზიტისას შეშფოთება გამოხატა საქართველოს მიერ შეძენილ თავდაცვით შეიარაღებასთან დაკავშირებით.

​მინისტრის თქმით, ეს კლასიკური მცდელობაა, ჩრდილი მიაყენონ საქართველო – ამერიკის სტრატეგიულ პარტნიორობას.
მისივე შეფასებით, კატეგორიულად მიუღებელია იმ საკითხებით მანიპულირება, რომელიც საქართველოს განვითარებას და უსაფრთხოებას ეხება.

„დღეს გავრცელდა დეზინფორმაცია, რომელიც აიტაცეს ოპონენტებმა. სამწუხაროა, რომ მათი მხრიდან ხდება ასეთი საკითხით მანიპულირება – როდესაც საქმე ეხება საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას. იქ, სადაც საქართველო არის უაღრესად თანმიმდევრული და ძალიან ძლიერი, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის, ჯონ ბოლტონის საქართველოში ვიზიტისას.

ძალიან საეჭვოა ინფორმაციის გავრცელების წყარო – ვებსაიტი და მისი სახელწოდება. საეჭვოა ასევე დეზინფორმაციის გავრცელების დრო, რაც ემთხვევა საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდს. არ მინდა ვიფიქრო, რომ პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან ხდება ასეთი სახის დეზინფორმაციის გამოყენება სხვადასხვა მიზნებისთვის. სამწუხაროა, რომ საჯაროდ ხდება სხვა სახის განცხადებების გაჟღერება, რომ ისინი ებრძვიან დეზინფორმაციას და ანტიდასავლურ კამპანიას და რეალურად, ხელს უწყობენ მსგავსი ინფორმაციის გავრცელებას”, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მომხდართან დაკავშირებით აშშ-ში საქართველოს საელჩომ განცხადებაც გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ მომხდარი კლასიკური მცდელობაა, ჩრდილი მიაყენონ საქართველო – ამერიკის სტრატეგიულ პარტნიორობას.

მსგავსი თემები