“ჯი ეიჩ პი” – ფხვნილის ფორმის ნარკოტიკი, რომელიც გულის გაჩერებას და გარდაცვალებას იწვევს

“ჯი ეიჩ პი” ახალი ტიპის ნარკოტიკული საშუალება არ არის. წლებია, ამ საშუალების საქართველოშიც მოიხმარენ. ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ “მედიაცენტრ მთავარს” არ დაუდასტურა გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ეს ნარკოტიკული საშუალება ქვეყანაში ძალიან გავრცელებულია.

”ჯი ეიჩ პი” ახალი ტიპის ნარკოტიკული საშუალება სულაც არ არის და ვერ დაგიდასტურებთ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს, შავ ბაზარზე, ახალი ნარკოტიკული საშუალება გამოჩნდა. წლებია, ამ საშუალების მოხმარების ფაქტები არსებობს საქართველოში. ის განცხადებები, თითქოს ეს საშუალება ახლა გამოჩნდა შავ ბაზარზე არ შეესაბამება სიმართლეს. ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალების არსებობა, ბუნებრივია, საფრთხილო და საგანგაშოა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ რადგან ახალი არ არის, ყურადღება არ უნდა მივაქციოთ” – განაცხადა გური მენაბდიშვილმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე.  

მისივე ინფორმაციით, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ნარკოლოგიურ კლინიკაში, ბოლო პერიოდში, ამ კონკრეტული პრეპარატის მოხმარება არ დადასტურებულა.

“არ გვქონია შემთხვევა, “ჯი ეიჩ პი”-ს მომხმარებელთა მკურნალობის ფაქტის შესახებ. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, გავრცელებული ინფორმაცია, რომ ახალი წლის პერიოდში მომართვიანობა გაიზარდა, არ შეესაბამება სიმართლეს. ყოველ შემთხვევაში, ჩემს კლინიკაში არ მომატებულა. “ჯი ეიჩ პი”-ს მოხმარების მხოლოდ ერთეული შემთხვევები არსებობს”, – განაცხადა გური მენაბდიშვილმა “მედიაცენტრ მთავარში”.

რაც შეეხება აღნიშნულ საშიშ ნაკოტიკს, მისი ზედოზირება ან სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენება ფატალურად სრულდება.

“ეს არის ფხვნილის ფორმის დეპრესანტი. იწვევს ალკოჰოლის მსგავს მოვლენებს, რომელსაც კოორდინაციის დარღვევა და რიგი გვერდითი მოვლენები არ გააჩნია. ეს არ იწვევს სტიმულაციას. ადამიანის ორგანიზმი არის ინდივიდუალური. რა თქმა უნდა, ფატალური შედეგების გამომწვევი “ჯი ეიჩ პი” არის და მსოფლიოში დაფიქსირებულია არაერთი ფაქტი. ის იწვევს სუნთქვის ცენტრის დათრგუნვას, გულის გაჩერებას და შესაბამისად, მთავრდება გარდაცვალებით. განსაკუთრებული მძიმე შედეგები მოაქვს სხვადასხვა ნარკოტიკულ ნივთიერებებთან და ალკოჰოლთან ერთად მოხმარებისას. ხშირად, მოხმარებული შეიძლება იყოს სტიმულატორებთან ერთად. სტიმულატორი სტიმულაციას იწვევს, “ჯი ეიჩ პი” დეპრესანტია. გარკვეული ეიფორია დეპრესანტს გააჩნია, გარკვეული ეფექტი – სტიმულანტს. ძალიან საშიში ნარკოტიკული საშუალებაა”, – განაცხადა გური მენაბდიშვილმა “მედიაცენტრ მთავარში”.

მსგავსი თემები