„ჯერჯერობით, ისევ ახალგაზრდა ვარ, მე ვარ პროდუქტიული, სწრაფი და ხარისხიანი“ – მოსამართლე შოთა გეწაძე

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველი შოთა გეწაძე საზოგადოებას, სისწრაფესა და ხარისხს სთავაზობს. ამავდროულად, ირწმუნება, რომ ის პროდუქტიულია. აღნიშნული განცხადება, მოსამართლეობის კანდიდატმა პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე გააკეთე.

კითხვაზე,  რა არის თქვენი მოტივაცია და რატომ ირთულებთ ცხოვრების წესს, ხარისხს და რატომ გინდათ გახდეთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლე? შოთა გეწაძემ უპასუხა, რომ ის საკმაოდ პროდუქტიული მოსამართლეა.

„უზენაეს სასამართლოში დატვირთვა მაღალი იქნება. ასევე, საქმის მნიშვნელობითაც, შესაძლოა, უფრო მეტი დრო სჭირდებოდეს კონკრეტულ საქმეს, მაგრამ, პირდაპირ და გულწრფელად ვამბობ, რომ მე ამას არ შევუშინდები… ჯერჯერობით, ისევ ახალგაზრდა ვარ, არ ვუშინდები საქმეთა რაოდენობას, არ შევშინებივარ არასდროს, არც სააპელაციო სასამართლოში, ადრეც საკმაოდ ბევრი საქმე მეწერა. ჩემი დროის უდიდეს ნაწილს ვატარებდი და დღესაც ვატარებ სასამართლოში, განვიხილე ძალიან ბევრი საქმე. პროდუქტიულიც ვარ ამ თვალსაზრისით და უდიდესი უმრავლესობა ჩემი საქმეებისა, მხარდაჭერილია უზენაესი სასამართლოს მერ. იმის თქმა მსურს, რომ მე საქმეს ვიხილავ არა მარტო სწრაფად, სწრაფ მართლმსაჯულებას ვთავაზობ საზოგადოებას, არამედ, ხარისხიანადაც. მე არ შევუშინდები საქმეთა ნაკადს, თუ შევატყობ რომ საქმეთა ნაკადი მოქმედებს ჩემს გადაწყვეტილებებზე, არ განვახორციელებ სამოსამართლეო უფლებამოსილებას. მირჩევნია ვიყო სამართლიანი და არ გამოვეკიდო თანამდებობას“, – განაცხადა შოთა გეწაძემ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე.   

მსგავსი თემები