ჯემალ გამახარია დევნილებსა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას აღდგომას ულოცავს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ჯემალ გამახარია აფხაზეთიდან დევნილებისა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისთვის წინასააღდგომო მილოცვას ავრცელებს, რომელსაც “მედიაცენტრი მთავარი” უცვლელად გთავაზობთ:

“ქრისტე აღდგა!

ძვირფასო მეგობრებო, გილოცავთ ბრწყინვალე აღდგომას, რომელიც ეს-ეს არის შემობრძანდება ჭეშმარიტ ქრისტიანთა გულებში. მართლმადიდებელი სამყაროს ამ უდიდესი დღესასწაულის აღნიშვნა ამჯერად გვიწევს უჩვეულო ვითარებაში, როდესაც მთელი კაცობრიობა და მასთან ერთად საქართველო მეტად საშიშ მტერთან – კორონავირუსთან ბრძოლაშია ჩაბმული. სამწუხაროდ, აღნიშნულ ბრძოლას თან ახლავს ადამიანთა დიდძალი მსხვერპლი და აურაცხელი მატერიალური დანაკარგები. უხილავმა მტერმა ცხოვრების რიტმი მკვეთრად შეცვალა, მსოფლიოს უძლიერესი სახელმწიფოებიც კი მძიმე განსაცდელის წინაშე იმყოფებიან.

საკმაოდ რთულ მდგომარეობაშია საქართველოც, თუმცა მთავრობის მიერ დროულად, ზოგჯერ კი წინსწრებითაც განხორციელებული ზომების, რა თქმა უნდა, ჩვენი სამედიცინო პერსონალის თავდაუზოგავი შრომის შედეგად ქვეყანა ჯერჯერობით უმკლავდება დაუნდობელ მტერს. სრულიად საქართველოს, თანამედროვეობისა და მომავლის წინაშე თითოეული ჩვენგანის წმინდათაწმინდა ვალია საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებული მკაცრი, მაგრამ აუცილებელი მოთხოვნების შესრულება, უპირველეს ყოვლისა, სახლებში დარჩენა. ამით მნიშვნელოვან პირად წვლილს შევიტანთ კორონავირუსის დამარცხებაში, ათასობით ადამიანის – იგივე ჩვენი შვილების, მშობლების, ძმების, დების, ნათესავების, მეგობრების სიცოცხლის გადარჩენაში.

ქვეყნისათვის ამ მძიმე ჟამს, როდესაც უამრავმა ადამიანმა სამსახური და საარსებო წყარო დაკარგა, დიდი მნიშვნელობა ენიჭება სოციალურ  სოლიდარობას. აფხაზეთის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის მიერ  რესპუბლიკური ბიუჯეტიდან გამოთავისუფლებული სოლიდური თანხები, ასევე უმაღლესი საბჭოს წევრთა, აპარატში დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეთა და სხვა თანამშრომელთა პირადი შემოწირულობები განკუთვნილია პროდუქტებითა და მედიკამენტებით დევნილთა მომარაგებისკენ, ასევე მათი დასაქმებისკენ. უკვე ათასობით ოჯახმა მიიღო დახმარება. ეს აქცია აღდგომის შემდგომ დღეებშიც გაგრძელდება. დახმარება უკვე მიიღო,  ან ძალიან მალე მიიღებს ყველა ის შეჭირვებული ადამიანიც, ამ დღეებში სოციალური ქსელების მეშვეობით თხოვნით რომ მიმართა უმაღლეს საბჭოს, მომმართა მე პირადად. ყურადღების გარეშე არც ენგურს გაღმა უკიდურეს სიდუხჭირეში მცხოვრებნი  დარჩებიან.

კიდევ ერთხელ გილოცავთ ბრწყინვალე აღდგომას. გისურვებთ ჯანმრთელობას, სულიერად აღდგომას, რწმენაში გაძლიერებას, თქვენი ყველაზე სანუკვარი ოცნებების აღსრულებას, ქვეყნის გამთლიანებას. გაიხარეთ!”, – ნათქვამია ჯემალ გამახარიას მიმართვაში.

მსგავსი თემები