“ჯარისკაცივით ხარ, ყოველ დღე უნდა დაამტკიცო, რომ მეტი შეგიძლია” – ნინო სურგულაძე ემიგრანტებზე 

ოპერის “ოსკარის” მფლობელი, საუკეთესო მეცო-სოპრანოდ აღიარებული ნინო სურგულაძე, სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც უცხოეთში მოღვაწე ქართველ ახალგაზრდებს მიმართავს და მოუწოდებს სირთულეებს არ შეუშინდნენ, აკეთონ საყვარელი საქმე და როდესაც ამის დრო მოვა, დაბრუნდნენ სამშობლოში, რათა უცხოეთში მიღებული ცოდნა და გამოცდილება საკუთარ ქვეყანას სასიკეთოდ მოახმარონ.

“ყველა, ვინც საზღვარგარეთ ცხოვრობს, სწავლობს და მუშაობს, დამეთანხმება, რომ იქ თავის დამკვიდრება იოლი არ არის. მარტოობა ძნელია და მუდმივად გენატრება სახლი, მაგრამ ასეა საჭირო. ჯარისკაცივით ხარ და ყოველ დღე უნდა დაამტკიცო, რომ მეტი შეგიძლია, ვიდრე სხვას და უკან დგას უამრავი ადამიანი, რომელიც ამ ადგილისთვის იბრძვის.

მე 21 წლის ვიყავი და მახსოვს, როგორ განვიცდიდი, ნულიდან რომ უნდა დამეწყო ყველაფერი. ერთადერთი, რაც მამშვიდებდა, დედაჩემთან საუბარი.

მინდა, ყველა იმ ახალგაზრდას ვუთხრა, ვინც საზღვარგარეთ სასწავლებლად მიდის, – არ შეგეშინდეთ წინააღმდეგობების, ისინი ყოველთვის იქნება. აკეთეთ თქვენი საქმე და აკეთეთ კარგად და ოდესმე, როდესაც მოვა დრო, ადრე თუ გვიან დაბრუნდებით (იმედია) თქვენს ცოდნას და გამოცდილებას, თქვენს ქვეყანას მოახმართ, ჩვენ კი უნდა გაგამხნევოთ და მეტი ძალა და ენერგია მოგცეთ, იმიტომ, რომ უბრალოდ ცოტანი ვართ და მიმობნეულები მთელს დუნიაზე. მეტი სიყვარული, პოზიტივი და ერთმანეთის გატანა შეგვეძლოს. მიყვარხართ. თქვენი ნინო“, – წერს ნინო სურგულაძე სოციალურ ქსელში.

მსგავსი თემები