ჯანდაცვის სფეროში უსაფრთხოების არასათანადოდ დაცვის გამო ყოველწიურად 2,6 მილიონი ადამიანი იღუპება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ჯანდაცვის სფეროში უსაფრთხოების არასათანადოდ დაცვის გამო ყოველწიურად 2,6 მილიონი ადამიანი იღუპება.

მათივე ცნობით, პაციენტები ყველაზე დაუცველები საშუალო და დაბალი შემოსავლების მქონე სახელმწიფოებში არიან.

ორგანიზაციის წარმომადგენელთა თქმით, სავალალო შედეგის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია უსაფრთხოების წესების დაცვის კულტურა დაინერგოს, რაც ნიშნავს პარტნიორობას პაციენტებთან.

„პაციენტებისადმი მიყენებული პერსონალური, სოციალური და ეკონომიკური ზიანის შედეგად ტრილიონობით დოლარი იკარგება. ჯანდაცვის სერვისებით სარგებლობისას არავინ უნდა დაზიანდეს. მიუხედავად ამისა, დღეს ყოველ ერთ წუთში, სულ მცირე 5 პაციენტი იღუპება და ამის მიზეზი არასათანადოდ დაცული უსაფრთხოებაა.

პაციენტები უნდა წავახალისოთ, რომ მათ დარღვევების შესახებ შეგვატყობინონ და ეს შეცდომები გასწორდეს. ეს შექმნის ისეთ გარემოს, რომელშიც დამნაშავის ძებნა აღარაა აუცილებელი, ხოლო ჯანდაცვის სფეროში დასაქმებულები შესაბამის ტრეინინგს გაივლიან, რომ ხარვეზები აღმოიფხვრას.

არასწორად დანიშნული მედიკამენტების გამო აშშ-ის ბიუჯეტი წელიწადში 42 მილიარდ დოლარს კარგავს. ქირურგიული პროცედურების დროს უსაფრთხოების წესების არასათანადო დაცვა პაციენტების 25 პროცენტში გართულებებს იწვევს, რაც ყოველწლიურად ერთი მილიონი პაციენტის გარდაცვალების მიზეზი ხდება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოუწოდებს ყველა სახელმწიფოს, დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები, რათა პაციენტებისთვის მიყენებული ზიანი შემცირდეს.

ცნობისთვის, 17 სექტემბერი პაციენტების უსაფრთხოების მსოფლიო დღეა. ამ დღის აღსანიშნად სხვადასხვა ქალაქში შენობები ნარინჯისფრად განათდება.

მსგავსი თემები