“ჯანდაცვის მინისტრის განცხადებამ, ვაქცინაციის წინააღმდეგ, საზოგადოების ეჭვები გააღრმავა” – ზურაბ ჭიაბერაშვილი

“ჯანდაცვის მინისტრი გამოვიდა ვაქცინაციის წინააღმდეგ და საზოგადოებაში, სადაც ისედაც არსებობს გარკვეული ეჭვები იმუნიზაციის მიმართ, კიდევ უფრო გააღრმავა თავისი განცხადებით ეს ეჭვი,” – ასე გამოეხმაურა დღევანდელ ბრიფინგზე “ევროპული საქართველოს” წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებას ვაქცინაციასთან დაკავშირებით.

ჭიაბერაშვილის თქმით, “დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა”, ფართომასშტაბიანი კამპანია უნდა ჩაატაროს, იმუნიზაციის მიმართ საზოგადოების ნდობის აღსადგენად.

“ჯანდაცვის მინისტრი გამოვიდა ვაქცინაციის წინააღმდეგ და საზოგადოებაში, სადაც ისედაც არსებობს გარკვეული ეჭვები იმუნიზაციის მიმართ, ვაქცინების გამოყენების მიმართ, კიდევ უფრო გააღრმავა თავისი განცხადებით ეს ეჭვი. ჯანდაცვის ეროვნულმა ცენტრმა გააკეთა მყისიერი რეაგირება და ამირან გამყრელიძის განცხადება იყო ერთგვარი მცდელობა, რომ გაენეიტრალებინა ჯანდაცვის მინისტრის განცხადება. თუმცა, ეს საკმარისი ნაბიჯი არ არის. მოვუწოდებ “დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს”, ჩაატაროს ფართომასშტაბიანი კამპანია, რათა საზოგადოებაში იმუნიზაციის მიმართ ნდობა აღდგეს. მინდა, ასევე გამოვეხმაურო მედიკამენტების საკითხს. გამოსავალი, რასაც გვთავაზობს მინისტრი, არათუ არარეალისტურია, არამედ კიდევ უფრო მძიმე პრობლემებს შექმნის ჩვენი მოქალაქეების მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით. ერთადერთი სწორი გამოსავალი არის, რომ ესენციური მედიკამენტების ჩართვა მოხდეს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, მაგრამ ამას სჭირდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მნიშვნელოვანი ცვლილება სისტემურად, რაზედაც ჯანდაცვის სამინისტრო სერგეენკოს პერიოდიდან მოყოლებული, უარს აცხადებს. 520-ე დადგენილებამ კი, კიდევ უფრო გააღრმავა კრიზისი, რაც საყოველთაო ჯანდაცვაშია. ტიკარაძის განცხადებები მიმართული არის სამედიცინო დაწესებულებების, სამედიცინო პერსონალის, ექიმების, ექთნების წინააღმდეგ. ისედაც სერიოზული პრობლემაა, რომ მთავრობას საავადმყოფოების მიმართ 350 მილიონზე მეტის დავალიანება აქვს, რის გამოც სამედიცონო პერსონალი ხელფასს თვეობით ვერ იღებს“, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, ვაქცინა არ არის პანაცეა და აქედან გამომდინარე, გრიპის ვირუსზე ვაქცინაცია მას სავალდებულოდ არ მიაჩნია.

მსგავსი თემები