ხშირია კატებისგან დაკაწვრის შემთხვევები – ექიმი ბადრი ბაზაევი  

​იმუნიზაციის ცენტრის, ანტირაბიული სამსახურის უფროსი ბადრი ბაზაევი აცხადებს, რომ მაწანწალა ცხოველებისგან დაკბენის შემთხვევები წინა წლებთან შედარებით მომატებული არ არის, თუმცა ბოლო ხანებში შედარებით ხშირია კატისგან დაკაწვრის შემთხვევები, ასევე, საკუთარი ცხოველისგან დაკბენის გამო მომართვიანობა.

როგორც მედიაცენტრ “მთავარს” ექიმმა, ბადრი ბაზაევმა განუცხადა, ცხოველისგან კბენის, დაკაწვრის, უცხო სხეულისგან დადორბვლის შემთხვევაში მოქალაქემ აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს, თუმცა, ეს არ ნიშნავს ავტომატურ აცრას. პაციენტმა კონსულტაცია უნდა გაიაროს ექიმთან და თუ საჭიროდ ჩაითვლება რა თქმა უნდა გაუკეთდება აცრა. მაწანწალა თუ შინაურ ცხოველთან ყოველი კონტაქტის ან დადორბვლის შედეგად აცრის გაკეთება საჭირო არ არის.

მისივე განმარტებით, ცხოველთან კონტაქტის შედეგად მიღებული დაზიანება უნდა ჩამოვიბანოთ საპნით, თუ ჭრილობა სისხლმდენია, რეკომენდირებულია სტერილური ბინტით შეხვევა და კომპეტენტურ ექიმთან ვიზიტი.

“ცოფზე აცრა იმდენჯერ არის დაშვებული, რამდენჯერაც ეს საჭირო იქნება. ეს საჭიროება დამოკიდებულია ადამიანის ცხოვრების წესზე. სამწუხაროდ, უკვე ხშირია შემთხვევები, როცა ერთი და იგივე პაციენტი, რამდენჯერმე მოდის ასაცრელად. წელიწადში ორჯერ მომმართავენ საკმაოდ უსერიოზულესი დაზიანებებით. მათ შორის, საკუთარი ძაღლისგან დაკბენილები, მყესების დაგლეჯვით და სხვა ჭრილობებით. არ მიმაჩნია, რომ ეს ნორმალურია. როდესაც ისეთ დღეში გაგდებს ძაღლი, რომ ფეხს ძლივს ინარჩუნებ და ის ისევ სახლში გყავდეს”, – აცხადებს ბადრი ბაზაევი.

მისივე ინფორმაციით, 10 წლის წინანდელ პერიოდთან შედარებით შემცირებულია მაწანწალა ძაღლებისგან დაკბენის შემთხვევები. პაციენტებს შორის არიან როგორც ბავშვების, ასევე ზრდასრულები.

 

მსგავსი თემები