“ხრუშჩოვის” კორპუსების ჩანაცვლება იწყება

თბილისში, სამგორის მესამე მასივში, ავარიული  ხარისხის ე.წ ხრუშჩოვის კორპუსებში მცხოვრებ 150 – მდე ოჯახს, ჯამში 7 545 კვ. მეტრი საცხოვრებელი ფართი გადაეცემათ. 

ქალაქის მერის გადაწყვეტილებით, ვარკეთილის ზემო პლატოზე, ინვესტორებს, საცხოვრებელი ფართის ასაშენებლად, 30 000 კვ.მ. მიწის ფართობი გადაეცათ. სამუშაოები შემოდგომაზე დაიწყება და 36 თვეში დასრულდება.

თბილისის საკრებულოს სამგორის (მესამე მასივი) მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი დოხტურიშვილი დედაქალაქში ე.წ. „ხრუშჩოვკების“ ჩანაცვლების პროექტის დაწყებასთან დაკავშირებით, მესამე მასივის იმ ავარიული კორპუსების მოსახლეობას შეხვდა, რომელთა საცხოვრებელი ბინები ავარიულობის ხარისხიდან გამომდინარე, ჩანაცვლების პროექტის პირველ ეტაპზე მოიაზრებიან. 

„ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ ასეთი უპრეცენდენტო და მასშტაბური პროექტის განხორციელება პირველად ჩემს სამაჟორიტარო ოლქში, სამგორის მესამე მასივში მოხდება. პროექტის თანახმად, პირველ ეტაპზე ავარიულობის ხარისხის სიმძიმის მიხედვით, ეტაპობრივად დავაკმაყოფილებთ იმ ოჯახებს, ვინც წლების განმავლობაში ავარიულ სახლებში ცხოვრობდა ,“ – განაცხადა გიორგი დოხტურიშვილმა.

მსგავსი თემები