“ხორბლის ფასის მკვეთრი ზრდა მოსალოდნელი არ არის” – მინისტრის მოადგილე

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, გიორგი ხანიშვილი აცხადებს, რომ ხორბლის ფასების კუთხით საქართველო მსოფლიო ფასებზეა დამოკიდებული და არსებული ტენდენციის გათვალისწინებით, მისი რადიკალური გაძვირება მოსალოდნელი არ არის.

„სამწუხაროდ, ჩვენ მსოფლიო ფასებზე ვართ დამოკიდებული. არცთუ ძალიან მაღალი მოსავალია ჩვენს მიმდებარე რეგიონებში, თუმცა, საფასო პოლიტიკის თვალსაზრისით, განსაკუთრებული რყევები და ზრდა ჯერჯერობით არ შეინიშნება, ამიტომ ვფიქრობთ, რადიკალურ გაძვირებასა და მსგავს ღონისძიებებს არ უნდა ველოდოთ. მინდა ცალსახად დავაფიქსირო, რომ ეკონომიკა – ეს არის ხორბლის შემთხვევაში მთლიანად დაფუძნებული იმპორტულ პროდუქციაზე, ამიტომ მსოფლიოში მიმდინარე ტენდენციები ბუნებრივია გავლენას მოახდენს ქვეყნის შიგნით არსებულ საფასო პოლიტიკაზე“, – აცხადებს ხანიშვილი.

ხანიშვილის თქმით, თუ მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ფასი მოიმატებს, ლარი რომც გამყარდეს, ფასები მაინც გაიზრდება.

მინისტრის მოადგილის განმარტებით, ქვეყანაში ხორბლის დეფიციტი არ არის და საიმპორტო ბაზრები დივერსიფიცირებულია რუსეთისა და ყაზახეთის მიმართულებით, ასევე მისი იმპორტი განიხილება უკრაინიდანაც.

მსგავსი თემები