“ხორავას ქუჩის ტრაგედია პოლიტიკური შოუს სახეს იღებს” – ლევან დადუნაშვილის დედა სალარიძის აქციას ემიჯნება

თბილისში, ხორავას ქუჩაზე, დავით სარალიძესთან ერთად მოკლული ლევან დადუნაშვილის დედა, ნათია საყვარელიძე ემიჯნება ზაზა სარალიძის აქციას და აცხადებს, რომ ბოლო დღეებში გაკეთებული კომენტარებიდან გამომდინარე ხორავას ტრაგედია პოლიტიკური შოუს სახეს იღებს. 

როგორც ნათია საყვარელიძე აცხადებს, მისი შვილი ხორავას ქუჩის კონფლიქტის მსხვერპლია და მოზარდებს შორის ამ დაპირისპირებასთან არაფერი აკავშირებდა. ასევე, წინააღმდეგია პარლამენტთან მიმდინარე აქციასთან ლევანის სახელის დაკავშირების. 
 
“კატეგორიული წინააღმდეგი ვარ ჩემი შვილის ამ შოუში მონაწილეობის. მე შევძელი ის, რომ გაჩუმებული ვარ, სხვები ნუ გააკეთებენ ამასთან დაკავშირებით კომენტარს. როცა ოჯახი კომენტარს არ აკეთებს, ყველას ვთხოვ ლევანის სახელით ნურავინ ლაპარაკობს. რადგან კომენტარს არ ვაკეთებ, ეს იმას არ ნიშნავს, ჩვენ არ გვაქვს დადებითი, ან უარყოფითი შეხედულება. ლევანი ხორავას კონფლიქტში მსხვერპლია, რომელსაც ამ კონფლიქტთან არაფერი შეხება ჰქონია. კომენტარებიდან გამომდინარე, ხორავას ქუჩის ტრაგედია პოლიტიკური შოუს სახეს იღებს. კატეგორიული წინააღმდეგი ვარ ჩემი შვილის ამ შოუში მონაწილეობის.

კუპრავას, სუბელიანის, კაკუბავას ჩართვა, მათი კომენტარები ჩემთვის მიუღებელია. ეს იყო ისეთი ტრაგედია, რომელიც არ შეიძლება, პოლიტიკაში გადაზარდო. ახლა მთავარია ბავშვები დავიცვათ, რომ ეს ტრაგედია აღარ გაგრძელდეს.

ჩემთვის მთავარი იყო იმის დადგენა, განსასჯელ სკამზე მსხდომნი არიან თუ არა ნამდვილად დამნაშავენი. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან იმ დონის ტრაგედიაა და იმ დონის სადიზიმია ჩადენილი, საშინელებაა ვინმე სხვას დააბრალო. ეს ჩემთვის დიდი ცოდვა იქნება. პროცესი დამთავრებული არ არის და რაც მომისმენია, იქიდან მრჩება შთაბეჭდილება, რომ ესენი დამნაშავენი არიან. არიან სხვებიც? – არ მაქვს პრეტენზია ისინიც დასაჯონ. იქ საშინელებაა მომხდარი და მათ შორის, როცა სრულიად უდანაშაულო მსხვერპლია, ეს კიდევ მეტად მძიმეა ჩემთვის“, – ნათქვამია ნათია საყვარელიძის სტატუსში, რომელიც სოციალურ ქსელში ვრცელდება. 

მსგავსი თემები