ხორავას ქუჩის საქმეზე 45 წლის მერაბ მორჩაძე დააკავეს

 

თბილისში, ხორავას ქუჩაზე 6 თვის წინათ მომხდარი, ორი მოზარდის მკვლელობის საქმეზე, 1973 წელს დაბადებული მერაბ მორჩაძე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე​ დააკავეს.

​როგორც შსს იტყობინება, მერაბ მორჩაძის დაკავება განხორციელდა მკვლელობის ძირითადი საქმიდან გამოყოფილი იმ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, რომელზეც გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს გამოძიებას.

“ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით მოწმეზე ზემოქმედების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოპოვებული ახალი მტკიცებულებების გათვალისწინებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლით დაკავებულია 1973 წელს დაბადებული მერაბ მორჩაძე“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე განმარტებით, სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლი მოწმეზე ზემოქმედებას გულისხმობს.

ხორავას ქუჩის საქმე გამოსაძიებლად პროკურატურიდან შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუბრუნდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი იძიებს სისხლის სამართლის საქმის იმ დამატებით გარემოებებს, რომლებიც მკვლელობის ძირითადი საქმის სასამართლოში განხილვისას გამოიკვეთა.

მსგავსი თემები