ხორავას ქუჩის მკვლელობაზე ოპოზიციის დოკუმენტი დამტკიცებულია

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილმა პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ სამთვიანი მუშაობა დაასრულა. ხმათა უმრავლესობით „ევროპული საქართველოს“ მიერ მომზადებული დასკვნა დამტკიცებულია. დოკუმენტში საუბარია, რომ გამოძიება ხარვეზებით ჩატარდა და ეს იყო  სისტემის ბრალი.

დოკუმენტს, რომელიც 67-გვერდს მოიცავს, კომისიის ცხრა წევრმა – თავად „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა დაუჭირეს მხარი. „ქართული ოცნების“ დასკვნის ვარიანტს კი, კომისიაში „ქართული ოცნების“ უმრავლესობის ოთხი დეპუტატი დაეთანხმა. დოკუმენტს ჯერ პარლამენტის ბიუროზე იმსჯელებენ, შემდეგ კი პლენარულ სხდომაზე.

დოკუმენტში ხელისუფლების უმაღლესი პირების პასუხისმგებლობაზეცაა საუბარი.  ასევე მირზა სუბელიანის, მ.კ-ს, იუსტიციის მინისტრისა და სხვათა  წინააღმდეგ გამოძიების დაწყებაზე.

მმართველი გუნდი დოკუმენტს საპარლამენტო უმცირესობის პოლიტიკურ დოკუმენტს უწოდებს. კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძე კი  აცხადებს, რომ  დასკვნა ლეგიტიმურია და დამატებით არაფერი სჭირდება.

„ეს დასკვნა უკვე არის შესასრულებელი ხელისუფლების მიერ. საგამოძიებო კომისიამ, რომელიც პარლამენტმა შექმნა, დასკვნა დადო და ეს არის ლეგიტიმური. აწი ხელისუფლების გადასაწყვეტია, ამ დასკვნას შეასრულებს, თუ არა“ – აცხადებს  სერგი კაპანაძე.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები კი  დოკუმენტს პოლიტიკურ დასკვნად აფასებენ და ამბობენ, რომ  მას სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია.

„თავიდანვე, მათ მიერ შექმნილი მოლოდინი არასწორი იყო, მათ შორის სამართლებრივი თვალსაზრისით და ამის გადასაფარად მათ მოუწიათ აბსოლუტური პოლიტიკური დოკუმენტის შექმნა, რომელსაც არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ აქვს. მათ ინსიმულაციური გზით არაერთხელ სცადეს დაერწმუნებინათ საზოგადოება და დავერწმუნებინეთ ჩვენ, რომ სამართლებრივი საფუძვლების გარეშე შეიძლება დადო პოლიტიკური დასკვნა და ეწოდოს საგამოძიებო კომისიის დასკვნა, ეს ასე არ არის. აქედან გამომდინარე, ვიმუშავებთ დასკვნის პროექტზე და ვიმუშავებთ დადგენილების პროექტზე, რომელიც ობიექტურობასთან იქნება გაცილებით ახლოს, ვიდრე მათი დასკვნა. ჩვენი ვისაუბრებთ ხარვეზებზე, რომლებიც მართლა იყო და რომელსაც სჭირდება სერიოზული რეფორმა და ვისაუბრებთ კონკრეტული გადაწყვეტის გზებზე“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

საბოლოოდ, დოკუმენტი პარლამენტმა ცნობად უნდა მიიღოს.

 

მსგავსი თემები