სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციამ 6 პირი დააკავა. მოძრაობა „გაბედეს“ წევრების გარდა, აქციაზე დააკავეს „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის შვილი, ბექა ნათელაშვილი.
სუს-თან მიმდინარე აქციის მონაწილეებმა არაერთხელ სცადეს შენობის შესასვლელის ბლოკირება. ისინი ვაჟა – ფშაველას ცენტრალურ გამზირზე გზის გადაკეტვასაც შეეცადნენ, რასაც აქტივისტებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, კახა ბუხრაძის ინფორმაციით, აქციისას დაკავებული “გაბედეს” 6 აქტივისტი საპატრული პოლიციის დეპარტამენტში გადაიყვანეს.
როგორც კახა ბუხრაძემ განაცხადა, აქტივისტები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მიმართ დაუმორჩილებლობას გულისხმობს.