ხვალ, წიგნის საახალწლო ფესტივალი იწყება

თბილისის მერიის მხარდაჭერით და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით, 27-29 დეკემბერს, პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში თბილისის წიგნის საახალწლო ფესტივალი 2019 გაიმართება. დასწრება თავისუფალია.

მერიის ინფორმაციით, ფესტივალზე სიახლეებითა და ფასდაკლებით წარდგენილი იქნებიან ქართველი გამომცემლები.

წიგნის მოყვარულებს სამი დღის განმავლობაში, 11:00-დან 20:00 საათამდე საშუალება ექნებათ, განსაკუთრებული ფასდაკლებით შეიძინონ ძველი და ახალი გამოცემები, დაესწრონ ახალი წიგნებისა თუ თარგმანების პრეზენტაციებს და მოისმინონ საჯარო ლექციები.

საახალწლო ფესტივალი პატარებისთვის ლიტერატურულ თამაშებსა და გასართობ შოუპროგრამას მოიცავს.

ფესტივალი უკვე მეექვსე წელია იმართება.

„ახალი წელი ახალი წიგნებით!“ – ასეთია ფესტივალის სლოგანი, რომლის მიზანია საქართველოში წიგნის კითხვის პოპულარიზაცია, განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდა და საგამომცემლო პროცესების ხელშეწყობა.

ღონისძიება ხვალ 12:00 საათზე წლის ბესტსელერი გამოცემების დაჯილდოებით გაიხსნება.

მსგავსი თემები