ხელშეკრულების შედეგად, საქართველოს ენერგოუსაფრთხოება სრულად იქნება დაცული – თალაკვაძე “გაზპრომზე”

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ “გაზპრომთან” მოლაპარაკების შედეგად მიღებული შედეგები შეაფასა და განაცხადა, რომ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, საქართველოს ენერგოუსაფრთხოება იქნება სრულად დაცული, ქვეყანას ექნება მეტი შემოსავალი ტრანზიტში და უფრო კონკურენტული ფასი გაზის მოწოდების თვალსაზრისით.


მისი თქმით, ეს არის მიმდინარე ხელშეკრულება გაზის მიწოდების თაობაზე, რაც ორ წელიწადში ერთხელ განახლდება.

“მთავრობამ წარმატებით ჩაატარა მოლაპარაკებები, შესაბამისად,  ამ ხელშეკრულებით მივიღეთ ისეთი პირობები, სადაც საქართველოს ექნება მეტი შემოსავალი როგორც ტრანზიტში, ასევე ექნება უფრო კონკურენტული ფასი გაზის მოწოდების თვალსაზრისით. 

თუმცა, ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ჩვენთვის სტრატეგიული მომწოდებელი კვლავ  აზერბაიჯანი იქნება.

ამ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, საქართველოს ენერგოუსაფრთხოება იქნება სრულად დაცული. რა თქმა უნდა, პოლიტიკური გაზის ფუნქცია ვერ ექნება ვერანაირად ამ ხელშეკრულების განახლების შემდგომაც.

ეს არის ძალიან მნიშვნელვანი, რომ საქართველოს აქვს დივერსიფიცირებული მოწოდება, აქვს თავის სტრატეგიულ პარტნიორთან აზერბაიჯანთან ხელშეკრულება ამის თაობაზე და ამავე დროს, რუსეთის მხრიდან გაზის მოწოდების თვალსაზრისით აქვს ასევე ხელშეკრულება, სადაც ჩვენს ქვეყანას, ბიუჯეტს აქვს კონკრეტული შემოსავალი და წელს ჩვენ მივიღეთ გაუმჯობესებული პირობები.

ეს არის მთავრობის მხრიდან წარმატებული მოლაპარაკებების შედეგი”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მსგავსი თემები