ხელისუფლება არ აპირებს ძალის გამოყენებას, არც აქციის დარბევას – ზვიად ძიძიგური

​საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დეპუტატი ზვიად ძიძიგური, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე სარალიძისა და მაჩალიკაშვილის საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ ხელისუფლება არ აპირებს ძალის გამოყენებას, არც აქციის დარბევას და ვინმეს უფლებების ხელყოფას.

როგორც “მედიაცენტრ მთავარში” დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ზვიად ძიძიგურმა განაცხადა, საახალწლო დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, დედაქალაქის მერიამ აქციის ორგანიზატორებს თხოვნით სხვა ადგილას გადაეტანათ აქცია, რადგან პარლამენტის შენობის წინ ტრადიციულად ნაძვის ხის დადგმის ღონისძიებები უნდა დაწყებულიყო, რასაც აქციის მონაწილეების მხრიდან წინააღმდეგობა მოჰყვა.

“აქციის მონაწილეები დეკემბერშიც იქ თუ იდგებიან, არავინ აპირებს მათი ძალით იქიდან გაყვანას. სანერვიულო ამ თვალსაზრისით არც ჟურნალისტებს, არც არასამთავრობოებს და არც აქციის ორგანიზატორებს სანერვიულო არ აქვთ”, – აცხადებს ზვიად ძიძიგური.

მისივე თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ და განმარტა, რომ არსებობდა ვითარების დესტაბილიზაციის მცდელობა, რის გამოც, სამართალდამცველებმა წინააღმდეგობა გაუწიეს რუსთაველის გამზირზე კარვების დადგმას. თუმცა, მოგვიანებით მინისტრმა საწინააღმდეგო განცხადება გააკეთა.

აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ თბილისში, პარლამენტის შენობის წინ ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის აქციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ სამინისტროს ჰქონდა ინფორმაცია დესტაბილიზაციის რისკის შესახებ და აქციის მონაწილეების უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდა.

„ჩვენ ვდგევართ ჩვენი მოქალაქეების გვერდში, ყოველთვის. ერთად ვსწავლობთ ქვეყნის მოვლას. ჩვენი მიზანია განვითარება და უსაფრთხოება. კარავი არასდროს ყოფილა ჩვენი თვითმიზანი. პოლიცია ყოველთვის მოქმედებდა ჩვენი მოქალაქეების და პირველ რიგში, აქციის მონაწილეების უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე. თუმცა, დავინახეთ რა ესკალაციის მზარდი საფრთხე და დესტაბილიზაციის რისკი, ჩვენ ვიმოქმედეთ ისე, როგორც ვიმოქმედეთ, მივიღეთ ის გადაწყვეტილებები და დღეს პარლამენტის წინ საჭიროზე მეტ კარვებს ვხედავთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი თემები