“ხდება ამ პრობლემის გაზვიადება, თავზე მოხვევა საზოგადოებისთვის” – პრემიერი “ლგბტ პრაიდზე”

“ჩვენ ვცხოვრობთ სამართლებრივ სახელმწიფოში და როდესაც არის ნიშნები, რომ სამართლის დარღვევას აქვს ადგილი, ბუნებრივია, მას მოჰყვება შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა სამართლებრივ ჩარჩოებში”, – ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები, ლგბტ თემსა და კონტრ აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირებაზე.

მისივე თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში განვითარებული მოვლენები აჩვენებს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები არიან მოწოდების სიმაღლეზე.

„ბოლო დღეების განმავლობაში რაც ვიხილეთ, კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები არიან მოწოდების სიმაღლეზე. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს პოლიციელებს. მათ შეძლეს ძალიან მნიშვნელოვანი ბალანსის დაცვა, თუმცა აქვე მინდა გითხრათ, როგორც რიგითმა მოქალაქემ ჩემი შთაბეჭდილება – ვფიქრობ, ეს საკითხი არის ხელოვნურად თავსმოხვეული ქართულ საზოგადოებაზე და ემსახურება იმას, რომ საქართველოში იყოს აგრესიული პოლიტიკური დღის წესრიგი. არ ვფიქრობ, რომ ეს საკითხი საქართველოში დღეს არის პრობლემური, საქართველოს აქვს შესაბამისი კანონმდებლობა, თითოეული ადამიანის უფლებები არის დაცული. ჩემი აზრით, ხდება ამ პრობლემის გაზვიადება, თავზე მოხვევა საზოგადოებისთვის, ვინაიდან გვაქვს შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩო, სადაც თითოეული ადამიანის უფლება არის დაცული და ამას უზრუნველვყოფთ. საქართველოში არის გამოხატვის უფლება უზრუნველყოფილი ისევე, როგორც უზრუნველყოფილია უსაფრთხოება და სახელმწიფო ინსტიტუტები ამას ახორციელებენ ძალიან მაღალ დონეზე“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერმა განმარტა, რომ სახელმწიფო, ნებისმიერი მოქალაქის უსაფრთხოებას დაიცავს.

მსგავსი თემები