ხარაგაულის სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე მუშა დაიღუპა

რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების ინფორმაციით, ხარაგაულის სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე მუშა დაიღუპა. მათივე ცნობით, 41 წლის დასაქმებულს (თ.ჩ) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, სამუშაოების მწარმოებელი კომპანიის, ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს კუთვნილი სატვირთო ავტომობილი დაეჯახა და ადგილზე გარდაიცვალა.

„რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის სპეციალისტების წინასწარი მოკვლევის შედეგად დგინდება, რომ კომპანიის მხრიდან დარღვეულია სამუშაოების დაგეგმვისა და წარმოების უსაფრთხოების ნორმა და სტანდარტები. ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ადმინისტრაციის მხრიდან ამ დრომდე არ არის შესრულებული წლების განმავლობაში რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების მიერ, შრომის უსაფრთხოების კუთხით გაცემული რეკომენდაციების მნიშვნელოვანი ნაწილი, რაც ადგილზე დასაქმებულთა სიცოცხლეს უდიდეს საფრთხეს უქმნის.

რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირი მოუწოდებს საქართველოს რკინიგზას, როგორც დამკვეთ ორგანიზაციას, მაქსიმალური ყურადღება მიაქციოს კონტრაქტორ კომპანიას, რომელიც უკვე წლებია დემონსტრაციულად არღვევს ქვეყანაში მოქმედ ყველა სტანდარტს და რეალურ საფრთხეს უქმნის რკინიგზელების სიცოცხლეს.

პროფკავშირი ასევე მოუწოდებს შესაბამის სახელმწიფო უწყებებს, დაუყოვნებლივ გამოიძიონ მომხდარი ფაქტი და კომპანია დაისაჯოს უმკაცრესად“,- აცხადებენ რკინიგზელთა ახალი პროფკავშირებში.

მსგავსი თემები