ხანძარი ხაშურის მუნიციპალიტეტში – ტყის ფოთლოვანი საფარი იწვის

​ხაშურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ცედანთან ახლოს, ტყეში გაჩენილი ხანძრის შედეგად 10 ჰა-მდე ფართობი დაიწვა. ცეცხლი ფოთლოვანი ტყის საფარს გუშინ ღამით გაუჩნდა. ხანძარს 220 მეხანძრე-მაშველი და 12 სახანძრო-სამაშველო სპეცტექნიკა ებრძვის.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ტყეში გაჩენილი ხანძრის ეპიცენტრიდან ფოტომასალას ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური. ამ დროისთვის არ არსებობს  ხანძარი დასახლებული პუნქტის მიმართულებით გავრცელების საფრთხე.

მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე ფუნქციონირებდა საგანგებო შტაბი, რომელსაც კოორდინაციას შიდა ქართლის გუბერნატორი, შსს-ს, გარემოს დაცვითი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურების წარმომადგენლები უწევენ.

ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი თორნიკე გვაზავა არ გამორიცხავს, რომ ხანძრის საწინააღმდეგო სამუშაოებში ვერტმფრენის გამოყენება გახდეს საჭირო, რადგან ხანძრის კერა საკმაოდ რთულ რელიეფზე მდებარეობს.

მისივე ინფორმაციით, ტყეში, სადაც ხანძარი გაჩნდა, ძირითადად, წიფლის ჯიშის ხე-მცენარეებია გავრცელებული და იშვიათი სახეობის ხეები არ გვხვდება.
“ცეცხლის დიდი კერები არ არის, დაკვამლიანებაა. ​ხანძრის გამწვავების საფრთხე ქარიან ამინდზეა დამოკიდებული, რასაც ვერ ვიწინასწარმეტყველებ. ძალიან რთული რელიეფია და გარკვეული მანძილის შემდეგ, სადაც ტექნიკა ვერ მიდის, ცოცხალი ძალა მუშაობს“, –  აცხადებს თორნიკე გვაზავა.

მისი ვარაუდით, ხანძარი შესაძლოა ადამიანის დაუდევრობის გამო გაჩნდა.

გუშინ ხანძარი იყოს გორშიც, კეროს, წყალმტკვარმშენის ტერიტორიაზე  50 ჰა ფართობზე ხმელი ბალახი დაიწვა.  მეხანძრე-მაშველებმა ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები ცეცხლის რამდენიმე კერაზე განახორციელეს. ადგილზე  7 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი და 60 მეხანძრე-მაშველი  მუშაობდა.


მსგავსი თემები