“ხანდახან ლობისტური მუშაობა მნიშვნელოვნად წინ უსწრებს, აჭარბებს ან ეფარება რეალობას“ – გია ვოლსკი

„ლობისტების ინტენსიური, თანაც, საკმაოდ პროფესიონალური მუშაობა ხშირ შემთხვევაში ფარავს იმ რეალობას, რაც არსებობს, ამიტომ, ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ. კარგია, რომ კონგრესმენმა ეს განცხადება გააკეთა“,- ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი კონგრესმენ დონ ბეიკონის განცხადებას.

მისი თქმით, ამავდროულად ისიც საყურადღებოა, როგორ მოხვდა ის ერთი, კონტექსტიდან ამოღებული ფრაზა მოხსენებაში.

„იმასაც უნდა დავუკვირდეთ, რა კვლევითი ჯგუფია ასეთი, რომელიც ასეთ პირობებში, როდესაც საქართველო-ამერიკის სტრატეგიული თანამშრომლობა ასეთ სიმაღლეზეა, მით უმეტეს, ახლა სამხედრო სწავლებებზეა კიდევ ლაპარაკი, როგორ მოხდა ის ერთი სრულიად კონტექსტიდან ამოღებული ფრაზა ამ მოხსენებაში“,- განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ფიქრობს, რომ დიპლომატიურმა სამსახურმა უკეთ უნდა იმუშაოს ინფორმაციის მიღების წყაროს გამოსავლენად, იმიტომ, რომ იგი არარეალისტურია და არ შეესაბამება იმ მოხსენების სულისკვეთებას, რომელსაც ხელს 13 კონგრესმენი აწერს.

„სამწუხაროა, რომ ხშირ შემთხვევაში ხელისუფლება, იგივე, პარტიის ლიდერი ძალიან ბევრ საკითხებზე არის გადართული და მეორე მხარეს არასწორი, ფეიკ ინფორმაციის შემოცურება ხდება თუნდაც ისეთ სერიოზულ დოკუმენტში, როგორიც არის ანალიტიკური ცნობა, ეს არ არის ოფიციალური დოკუმენტი, მაგრამ ფაქტია, რომ ამან გარკვეული რყევები გამოიწვია ქართულ საზოგადოებაში. პოლიტიკოსები ერთმანეთს უპირისპირდებიან და ამ ფრაზებს იყენებენ, ამ დროს, კონგრესმენი გამოდის და ამბობს, რომ საერთოდაც არ იცოდა ამ წინადადების და ფორმულირების წარმომავლობის შესახებ. ანუ, ხშირ შემთხვევაში, მართლაც ხდება, როდესაც ეს ლობისტური მუშაობა მნიშვნელოვნად წინ უსწრებს ან აჭარბებს ან ზემოდან ეფარება იმ რეალობას, რაც გაგვაჩნი, თუმცა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ დოკუმენტის პათოსი არის ძალიან კარგი, ძალიან პოზიტიური, და რეალობაც, პრაქტიკულად, გამოხატულია ამ დოკუმენტში“,- განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

მსგავსი თემები