“ხალხში გავალთ და შევაგროვებთ 200 ათას ხელმოწერას, რადგან მათ სურთ, საკუთრი წარმომადგენელი ჰყავდეთ პარლამენტში“ – დიმიტრი ხუნდაძე

მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, მაჟორიტარი დეპუტატების ნაწილის მიერ მომზადებული კანონპროექტი, ამერიკულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებს.

დიმიტრი ხუნდაძის თქმით, დაიწყება ხელმოწერების შეგროვება, რადგან მისი განმარტებით, ხალხს სურს თავიანთი წარმომადგენელი ჰყავდეთ პარლამენტში.

„ხვალ გაიმართება უმრავლესობის სხდომა. ჩვენ არ დაგვირღვევია არც შიდა გუნდური წესები, არც პროცედურები. როცა ბოლოს უმრავლესობის სხდომა გვქონდა, მაჟორიტარები კომპრომისზე წავედით იმასთან დაკავშირებით, რომ 2020 წლის საარჩევნო პროცესს არ შევეხებოდით და დავტოვებდით შერეულ სისტემას. ეს კომპრომისი გავეცით, მაგრამ ჩვენ ვაგრძელებთ სუფთა მაჟორიტარულ, ამერიკულ სისტემაზე  გადასვლას, ამისათვის ყველა პროცედურა დავიცავით. ჩვენ გავდივართ ხალხში, მათ უნდა ვკითხოთ. ყველა მსჯელობს დღეს იმაზე, როგორი სისტემა უნდა იყოს, მაგრამ არავინ არ ეკითხება ხალხს, პლებისციტი გაჟღერდა თუ არა, პირველ რიგში ოპოზიცია გამოვარდა ამის წინააღმდეგ, რას ჰქვია პლებისციტიო.

ჩვენ ხალხში გავალთ და შევაგროვებთ 200 ათას ხელმოწერას, რადგან მათ სურთ, საკუთრი წარმომადგენელი ჰყავდეთ პარლამენტში“, – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.​

საპარლამენტო  უმრავლესობის სხდომა პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში ხვალ,  11:00 საათზე დაიწყება.

სხდომაზე განსახილველი ერთ-ერთი საკითხი საარჩევნო სისტემა იქნება, მათ შორის მაჟორიტარი დეპუტატების ნაწილის მიერ მომზადებული ის კანონპროექტი, რომელიც სრულად მაჟორიტარული სისტემის ამოქმედებას ეხება.

მსგავსი თემები