“ხალხს კი ატყუებთ, მაგრამ თქვენ გისმენენ პროფესიონალი დემოგრაფებიც“, – ხუნდაძე ჭიაბერაშვილს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე ზურაბ ჭიაბერაშვილს სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს. მისი თქმით, დემოგრაფიული პრობლემების გამწვავება ქვეყანაში იმ დემოგრაფიული თაობის შედეგია, რომლებიც 90-იან წლებში განახევრებული რაოდენობით დაიბადნენ. იმ წლებში მხოლოდ დაბადებულ გოგონათა რაოდენობა 250 000-ით შემცირდა. დღეს სწორედ ეს თაობა შედის რეპროდუქციულ ასაკში.

„გასაგებია, რომ ჩვენს ოპონენტებს, ეროვნული თემები, წინასაარჩევნოდ ხალხის გულის მოსაგებად სჭირდებათ, მაგრამ ამისთვის ტყუილი არ არის საჭირო. პრობლემა იმდენად დიდია, რომ ბოლო 6 წლის მანძილზე ჩვენს მიერ დემოგრაფიული კუთხით გაკეთებული საქმეებიც კი არ არის საკმარისი. დიახ, გაეროს მიერ 2010 წელს გაკეთებული პროგნოზი რეალურია და ეს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს თავის დროზე უნდა გაეგოთ. იმის ნაცვლად, რომ ქვეყანას ბოდიში მოუხადონ თავიანთი უმოქმედობის გამო, ამ პრობლემებში ჩვენ გვადანაშაულებენ“ – აცხადებს ხუნდაძე.

დეპუტატის შეფასებით, გაერომ სწორედ მათ მისცა რეკომენდაცია, რომ სასწრაფოდ განეხორციელებინათ დემოგრაფიული პოლიტიკა, სხვა შემთხვევაში დემოგრაფიული კრიზისი გარდაუვალი იყო: „მათ არაფერი გააკეთეს, ჩვენ კი მოსვლის პირველივე დღეებიდანვე დავიწყეთ სახელმწიფო დემოგრაფიული პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება. პირველი ხელისუფლება ვართ, ვინც ბიუჯეტიდან მილიონობით ლარი დახარჯა მხოლოდ დემოგრაფიული მიმართულებით და გარკვეული შედეგებიც სახეზე გვაქვს: შემცირდა მოკვდაობა და აბორტების რაოდენობა, 2014-15 წლებში გაიზარდა შობადობა, თუმცა დღეს ისევ კლებაშია გარკვეული მიზეზების გამო. ამ კუთხით მუშაობას ვაგრძელებთ, მაგრამ სამწუხაროდ, წარსულს უკან ვეღარ დავაბრუნებთ. ჩვენს მიერ დღეს განხორციელებული ინიციატივები შედეგს მხოლოდ ერთი დემოგრაფიული თაობის, ანუ 25 წლის შემდეგ მოგვცემს.

2030 წლამდე კი შობადობის გარდაუვალი კლების რეჟიმში მოგვიწევს ცხოვრება. ასე, რომ ამ ხნის მანძილზე ყველა ოპონენტს მსხვილი პრობლემური თემა ექნება ხელისუფლების ნეგატივის შესაქმნელად. ისინი მხოლოდ საუბრობენ და არაფერს აკეთებენ. ჩვენ კი ვაკეთებთ და ამაზე არ ვყვირით. მათგან განსხვავებით, ჩვენ ამ თემით პიარს არ ვიკეთებთ. ვიცით, რომ წლების შემდეგ ჩვენი ნაშრომი შედეგს გამოიღებს, შემდგომი თაობა აუცილებლად აღიარებს, რომ „ქართული ოცნება“ იყო ის პარტია, რომელმაც სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე საფუძველი დაუდო ერის გენოფონდის გადარჩენას. მივმართავ ჩვენს ოპონენტებს, ხალხს კი ატყუებთ, მაგრამ თქვენ გისმენენ პროფესიონალი დემოგრაფებიც. ნუ ჩაიგდებთ თავს უხერხულ მდგომარეობაში,“ – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მსგავსი თემები