ხაიშელები სანქციებს გადაურჩნენ, თუმცა მოლაპარაკების მეორე ეტაპი გაცილებით რთული იქნება  

მესტიის მუნიციპალიტეტის, სოფელ ხაიშის მოსახლეობასა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკება შედგა. აქციის მონაწილეებმა ცენტრალური გზა დროებით გახსნეს, თუმცა ხე-ტყის უკანონო ჭრის კონტროლი მკაცრდება.  ადგილობრივები ხე-ტყის საჭრელ ე.წ. ცეხებს თვითნებურად ვერ ამუშავებენ და არალეგალური ქმედებებისთვის შესაბამისად აგებენ პასუხს.

ადგილობრივებმა სავალი გზა სპეცრაზმისა და ფინანსური პოლიციის გასვლის შემდეგ გახსნეს.

“დაგვპირდნენ, რომ მაქსიმუმ ათ დღეში მთავრობა გაფართოებული ფორმატით ჩამოვა აქ და ყველა საკითხს გავივლით. ხეების ჭრა ჩვენი სურვილით არ ხდება, ეს არის არსებული პრობლემებიდან გამომდინარე, ეს არის ჩვენი გადარჩენისა და არსებობის ერთადერთი გზა“, – აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა „მთავართან“ საუბრისას.

აქციის მონაწილეების თქმით, თუ მათ დასაქმების და შემოსავლის წყაროს შესთავაზებენ, ხე-ტყეს ხელს არ ახლებენ.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული მართვის მიმართულების ხელმძღვანელის, სოზარ სუბარის განცხადებით კი ხეობაში ამ ეტაპზე სიმშვიდეა. დღევანდელ შეხვედრაზე განიხილება ის პრობლემები თუ პრეტენზიები, რომელიც ადგილობრივებს აქვთ.

სუბარის განცხადებით, პროცესში აქტიურად ჩაერთვება ცენტრალური ხელისუფლება, ხოლო ერთ კვირაში შესაბამისი უწყების წარმომადგენლები თავად შეხვდებიან მოქალაქეებს და პრობლემების გადაჭრის კონკრეტულ ხედვებს წარადგენენ.

ხელისუფლება ირწმუნება, რომ ამ ეტაპისთვის, გარკვეული მიზეზებიდან გამომდინარე, სანქციების გატარება არ იგეგმება.

„ვრჩები ადგილზე და მოსახლეობასთან მექნება დიალოგი. დახლოებით 10 დღეში კი მთავრობასთან ერთად შევიკრიბებით და ვიმუშავებთ პრობლემის მოგვარების გრძელვადიან გზებზე“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

მსგავსი თემები