ხაზარაძისთვის გაგზავნილ მუქარის წერილს პროკურატურა ექსპერტიზას ვერ ჩაუტარებს

საქართველოს გენერალური პროკურატურა ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში მამუკა ხაზარაძის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მამუკა ხაზარაძემ არასწორი ფაქტების დასახელებით კიდევ ერთხელ სცადა საზოგადოების შეცდომაში შეყვანა.

პროკურატურის განცხადებას “მედიაცენტრი მთავარი” უცვლელად გთავაზობთ:

“არაერთხელ აღინიშნა, რომ სიმართლეს არ შეესაბამება მამუკა ხაზარაძის  განცხადებები, თითქოს პროკურატურამ არ დაიწყო გამოძიება ეგრეთ წოდებულ წერილთან დაკავშირებით. მამუკა ხაზარაძის მიერ წარმოდგენილი “დოკუმენტი” დაუყონებლივ დაერთო მოქმედ სისხლის სამართლის საქმეს, რაც პროცესუალურად ნიშნავს, რომ მასზე გამოძიება დაწყებულია და გრძელდება.

გამოძიების მიმდინარეობის კიდევ ერთი დასტურია ის გარემოება, რომ მამუკა ხაზარაძე ამ ფაქტზე  სასამართლოში გამოიკითხა მოწმის სახით. მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, მოწმე იკითხება მხოლოდ მოქმედი, დაწყებული გამოძიების ფარგლებში.

ამ ეპიზოდის სრულყოფილად და ობიექტურად გამოძიება განზრახ შეაფერხა თავად მამუკა ხაზარაძემ, რომელმაც არ ითანამშრომლა გამოძიებასთან, მოსამართლის წინაშე დაკითხვისას  არ წარმოადგინა ე.წ. წერილის ორიგინალი და ამასთან, კატეგორიული უარი განაცხადა შუამავლის დასახელებაზე. ამის გამო, პროკურატურა მოკლებულია შესაძლებლობას, დანიშნოს შესაბამისი ექსპერტიზები ე.წ. წერილთან დაკავშირებით და გამოკითხოს მოწმეები.

ამასთან, გაუგებარი და სამართლებრივ ჩარჩოებს აცდენილია ბრალდებულ მამუკა  ხაზარაძის მოთხოვნები იმის შესახებ, რომ იგი მხოლოდ განსაკუთრებული წესით წარმართულ საგამოძიებო მოქმედებებში მიიღებს მონაწილეობას. ეს პოზიცია სრულ წინააღმდეგობაში მოდის მოქმედი სისხლის სამართლის მატერიალურ და საპროცესო კოდექსებთან. უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეზე პროკურატურა გამოძიებას აწარმოებს კანონმდებლობის სრული შესაბამისობით და არანაირი საგამონაკლისო წესი პიროვნების საზოგადოებრივი, პოლიტიკური თუ ქონებრივი სტატუსის მიუხედავად არ დაიშვება”, – ნათქვამია საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი თემები