ჭყლეტვის საფრთხიდან გამომდინარე, საელჩო, ისრაელში გამგზავრების მსურველებს აფრთხილებს

ცეცხლის გარდამოსვლის დღეს, არსებული ხალხმრავლობიდან და ჭყლეტვის საფრთხიდან გამომდინარე, საქართველოს საელჩო, საქართველოს გარკვეულ მოქალაქეებს მოუწოდებს, ტაძარში მისვლისგან თავი შეიკავონ.

საქართველოს საელჩო, ისრაელში, 27 აპრილს, მაცხოვრის ტაძარში ცეცხლის გადმოსვლის ცერემონიაში მონაწილეობის მსურველებისთვის სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „მედიაცენტრი მთავარი“ უცვლელად გთავაზობთ.

„ის პირები, რომლებიც დაესწრებიან ცეცხლის გადმოსვლის ცერემონიას, უნდა დაემორჩილონ პოლიციის პირველივე მითითებას ადგილის შეცვლასთან დაკავშირებით. დაუშვებელია, იმ პირებისთვის წინააღმდეგობის გაწევა, რომელთაც ევალებათ ტაძარში და მასთან მისასვლელ გზებზე წესრიგის დამყარება,”- ნათქვამია განცხადებაში.

როგორც ისრაელში საქართველოს საელჩო აცხადებს, მოქალაქის მხრიდან, თუნდაც თხოვნის ტონით შეპასუხება, შეიძლება ჩაითვალოს როგორც სამართალდამცავი ორგანოს მიმართ წინააღმდეგობის გაწევად და შესაბამისად, ხალხის სიმრავლის გამო და წესრიგის დამყარების მიზნით შეიძლება გამოყენებულ იქნეს ძალა. აუცილებელია, ყველა მოქალაქე მოერიდოს სასულიერო პირებთან კამათს, რომელთა ფუნქციებშიც შედის ტაძარში წესრიგის დამყარება.

“მოქალაქეები უნდა მოერიდონ იერუსალიმის ძველ ქალაქში ე.წ. სპეციალური „ბრასლეტების“ – ტაძარში შესვლის საშვების შეძენას. იერუსალიმის პოლიციის თანამშრომლების მიერ მსგავსი ტიპის გაყალბებული „ბრასლეტების“ მქონე პირები გამოძევებულ იქნებიან მაცხოვრის ტაძრიდან,” – აღნიშნულია განცხადებაში.

იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე დაიკარგა ძველ ქალაქში, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს პოლიციას შემდეგ ტელეფონის ნომერზე: +972 26226100 (პოლიციის თანამშრომელი მიიყვანს მას უახლოეს პოლიციის განყოფილებაში) და დაუკავშირდეს საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურს.

მსგავსი თემები