“ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის ნაცვლად იმპერატორი მივიღეთ” – დაპირისპირება ფედერაციაში

თბილისის ჭიდაობის ფედერაციის გენერალური მდივანი გოჩა ჩორგოლიანი, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ თამაზ (გეგა) გეგეშიძის წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით მოსამართლის გუშინდელ გადაწყვეტილებას ეთანხმება და აცხადებს, რომ გეგეშიძის პატიმრობაში დატოვებით ფედერაციის პარალიზება გარდაუვალი იქნებოდა.

როგორც გოჩა ჩორგოლიანმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, გეგა გეგეშიძეს ფედერაციაში 7 პოზიციის უფლებამოსილება აქვს შეთავსებული და მისი თანამდებობიდან გადადგომის შემთხვევაში, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი აღარავინ იქნება.

მისივე თქმით, ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები სერიოზული დარღვევებით ჩატარდა, შედეგად ფერედაციამ პრეზიდენტის ნაცვლად მივიღეთ იმპერატორი. 

“არჩევნები არის გაყალბებული. არანაირი პრეზიდიუმი არ არსებობს, ყველაფერი თავიდან ბოლომდე არის ფარსი. ამის გაპროტესტებას არ ვაპირებთ, უბრალოდ ყველას მორალური პასუხისმგებლობა მინდა დავაკისრო, ვისაც ამ არჩევნების ოქმზე აქვს ხელი მოწერილი”, – აცხადებს ჩორგილიანი.

მისივე თქმით, რეესტრში გატარებული ახალი წესდებით, არჩევნების დროს უნდა არჩეულიყო ფედერაციის პრეზიდენტი, ორი ვიცე-პრეზიდენტი რომაულ და თავისუფალ ჭიდაობებში და ერთი გენერალური მდივანი. ახალარჩეულ პრეზიდენტს მხოლოდ ერთი ვიცე-პრეზიდენტის დასახელების უფლება ჰქონდა ახალარჩეულ პრეზიდენტს, ანუ თამაზ (გეგა) გეგეშიძეს. ეს ყველაფერი დაირღვა და ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის ნაცვლად მივიღეთ იმპერატორი. 

“გეგა გეგეშიძე, რომელსაც არჩევნების დღეს საარჩევნო უბანზე ყოფნის უფლება არ ჰქონდა, თავის ძმასთან ერთად შედიოდნენ და გადიოდნენ დახურულ სხდომებზე და ზემოქმედებას ახდენდნენ პრეზიდიუმის წევრებზე. დღეს ის მოხდა, რომ გეგა გეგეშიძე რომ დაეკავებინათ, ვერც ერთი ვიცე-პრეზიდენტი ვერ განაგრძობდა საქმიანობას, წესდების მიხედვით ლეგიტიმაცია აქვს ვიცე-პრეზიდენტს ან გენერალურ მდივანს, არც ერთს არ აქვს ამჟამად ლეგიტიმაცია გეგეშიძის გარდა. ვითხოვთ აღდგეს 2013 წლის, შეუკრეჭავი წესდება. ქვეყანაში კანონი უნდა კანონობდეს ყველასთვის. ადამიანი, რომელიც თავის თავს სახელმწიფოზე მაღლა აყენებს და ამბობს, კანონი მე ვარო, არ შეიძლება ის ადეკვატურ და გაწონასწორებულ პიროვნებად ჩაითვალოს”, – აცხადებს გოჩა ჩორგოლიანი.  

მსგავსი თემები