“ჭიდაობის ფედერაციაში ძალადობა მთავარ მიმართულებად იქცა” – მწვრთნელი

ჭიდაობის თბილისის ფედერაციის მოქმედი მწვრთნელი ზურაბ შელია, ჭიდაობის ფედერაციაში ძალადობის არსებობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ამ მხრივ ფედერაციაში სერიოზული პრობლემებია. ფედერაციის მთავარ მიმართულებად ძალადობა იქცა, თუმცა ამაზე ღიად საუბარს ყველა თავს არიდებს. 

როგორც ზურაბ შელიამ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძეს, ცნობილი ინციდენტის შემდეგ, როდესაც მან ფიზიკური დაზიანება მიაყენა სპორტსმენ ზურაბ დათუნაშვილს, თანამდებობა უნდა დაეტოვებინა, როგორც ამას ითვალისწინებს საქართველოს სპორტის შესახებ კანონი.

“ფედერაციაში არის ძალადობა, რატომ უჭირთ ამის აღიარება, არ მესმის. ეს ადამიანი არ შეეფერება ამ თანამდებობას. ჩემი მოსწავლეების მშობლები მოდიან და მეუბნებიან, – დიდ პატივს გცემთ, მაგრამ არ გვინდა სპორტზე ამ სახეობაზე რომ იაროს ჩემმა შვილმა. იმიტომ, რომ ხედავენ ეს ბავშვები ყოველივეს და განიცდიან, რომ ისინიც შესაძლოა აღმოჩნდნენ ზურას მსგავს ვითარებაში, რომ ვინმე მათ ასე გაუსწორდეს”, – აცხადებს ზურაბ შელია.

ჭიდაობის ფედერაციის წევრების შეკრებასთან დაკავშირები განსაკუთრებული მოლოდინი არც  თბილისის ჭიდაობის ფედერაციის გენერალურ მდივან გოჩა ჩორგოლიანს აქვს. როგორც ის აცხადებს, პრეზიდიუმი გეგა გეგეშიძის წინააღმდეგ არ წავა და არ არის გამორიცხული დისკვალიფიკაცია ზურაბ დათუნაშვილს მიანიჭონ.

“​პრეზიდიუმი, როგორც ასეთი არ არსებობს. ეთიკის კომისიის ხელმძღვანელი გიორგი გოგრიჭიანი  არის კრიმინალში ბრალდებული, ჩემი სარჩელის საფუძველზე. მან ხელი ასწია ჩემზე, სისხლის სამართლის საქმე ერთი წლის წინ აღიძრა, საქმეს აკლია მხოლოდ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა. როდესაც ეს დასკვნა მივა, სარჩელი დასახელებული ყველა პირი უნდა დაიკითხონ. გამოძიებას ნდობას ვუცხადებ, მაგრამ მაინტერესებს რატომ დააგვიანდა ექსპერტიზის პასუხს. პროკურატურიდან მომივიდა პასუხი, რომ გამოძიება თავიდან დაიწყო”, – აცხადებს გოჩა ჩორგოლიანი. 

იგი ფედერაციაში მასზე ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტს იხსენებს: “გეგა გეგეშიძეს უნდა შევხვედროდი და გვესაუბრა თბილისის ფედერაციისა და ეროვნული ფედერაციის თანამშრომლობაზე. პირველივე დღიდან გვიშლის ჩვენი უფლებების განხორციელებაში ხელს. აღმოჩნდა, რომ იქ მიმიწვიეს იმისთვის, რომ ფიზიკურად გამსწორებოდნენ”. 

მსგავსი თემები