ჭიათურასა და ურეკში, წყალმომარაგების მრავალწლიანი პრობლემა მოგვარდება

 

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ჭიათურასა და ურეკში წლების განმავლობაში არსებული წყალმომარაგების პრობლემა უნდა მოგვარდეს.

​როგორც ქვეყნის პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, უკვე დაწყებულია ჭიათურის წყალმომარაგების ქსელის სრული რეაბილიტაცია და სამუშაოები 2019 წლის გაზაფხულზე დასრულდება, შედეგად კი, ქალაქის 25 000-ზე მეტ მცხოვრებელს 24-საათიანი, სტაბილური წყალმომარაგება ექნება.

რაც შეეხება ურეკს, რომელსაც არასდროს ჰქონია ცენტრალიზებული წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემა, გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ურეკი უდიდესი ტურისტული პოტენციალით გამოირჩევა და იქ ძალიან მასშტაბური პროექტი ხორციელდება, რომლის დასრულების შემდეგ მნიშვნელოვნად შემცირდება ეკოლოგიური დაბინძურების საფრთხე და გაუმჯობესდება, საყოფაცხოვრებო პირობები.
“პროექტი წლის ბოლოს დასრულდება და როგორც ადგილობრივები, ისე იქ ჩასული დამსვენებლები სრულიად განახლებული, საერთაშორისო სტანდარტების დაცვით აშენებული წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემით ისარგებლებენ, რაც ასევე მნიშვნელოვანია ეკოლოგიური მდგომარეობისთვის, დაბინძურების თავიდან ასაცილებლად”, – აცხადებს პრემიერი.

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, წყალმომარაგების პროექტი ერთ-ერთი ყველაზე საჭირბოროტო საკითხია ქვეყნის რეგიონებში მცხოვრები ადამიანებისთვის. ამჯერად, საუბარია მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის 5 სოფლის წყალმომარაგების პროექტზე, რომლის ღირებულებაც 17 მილიონ 600 ათას ლარს შეადგენს. პროექტის დასრულების შემდგომ შესაძლებელი გახდება სოფლების: ნორიოს, მარტყოფის, ახალსოფლის, ახალი სამგორის და ვაზიანის 35 ათასი ოჯახის 24-საათიანი წყალმომარაგებით უზრუნველყოფა.

მსგავსი თემები