ჭარბი გამონაბოლქვის დაფიქსირების შემთხვევაში ავტომობილი ტექდათვალიერებას ვერ გაივლის

​ეკონომიკის სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, შალვა ურიადმყოფელის განცხადებით, ავტომობილი არასწორი წვის შედეგად ჭარბი გამონაბოლქვის დაფიქსირების შემთხვევაში, ტექდათვალიერებას ვერ გაივლის.

შალვა ურიადმყოფელის განცხადებით, ტექნიკური ინსპექტირების ნაწილში რეგულაციები დღეიდან მკაცრდება.

„იყო შემთხვევები, როცა მაჩვენებლები იყო ნორმაში, თუმცა ავტოსატრანსპორტო საშუალებას მაინც ჰქონდა მოჭარბებული კვამლიანობა. სწორედ ამიტომ, გამონაბოლქვში მავნე ნივთიერების – ნახშირბადის მონოქსიდის (CO) შემცველობის შემოწმების გარდა, ყურადღება მიექცევა გამონაბოლქვის ვიზუალურ მხარესაც. მაგალითად, თუ სატრანსპორტო საშუალებას გამონაბოლქვში ნახშირბადის მონოქსიდის შემცველობა ნორმის ფარგლებში აღმოაჩნდება, მაგრამ ტექნიკურად არასწორი წვის შედეგად დაფიქსირდება მოჭარბებული კვამლი, ავტომობილი დახარვეზდება. ეს საგრძნობლად იმოქმედებს ავტოპარკზე და გამონაბოლქვის პრობლემა საგრძნობლად შემცირდება ამ ცვლილებით”, – განაცხადა შალვა ურიადმყოფელმა.

მისივე თქმით, განმეორებით ინსპექტირებისას დახარვეზებული დეტალის გარდა, ავტომობილი ტექნიკურ დათვალიერებას ხელახლა სრულად გაივლის.

„მაშინ, როდესაც აქამდე მძღოლები განმეორებით ინსპექტირებაზე მიდიოდნენ მხოლოდ ხარვეზის აღმოსაფხვრელად, ამ ხარვეზის აღმოფხვრის გარდა, კიდევ ვალდებულება უჩნდებათ, რომ შემოწმდნენ ვიზუალურადაც”,- განაცხადა შალვა ურიადმყოფელმა.

მსგავსი თემები