წყნეთში, სპორტული ცენტრი გაიხსნა

წყნეთში, ამილახვარის ქუჩის N21-ში სპორტული ცენტრი გაიხსნა. სპორტულ ცენტრის 700-მდე კვ. მ ფართობზე განთავსებულია სავარჯიშო დარბაზი, ტრიბუნა, სატრენაჟორო დარბაზი, გასახდელები, სველი წერტილები და ადმინისტრაციული ოთახები. სპორტულ დარბაზში იფუნქციონირებს კარატეს, ძიუდოს, ტანვარჯიშის, აკრობატიკის სექციები და ფიტნეს დარბაზი. ობიექტი სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის. 

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ აღნიშნა, თბილისის მერია ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, მსგავსი პროექტების განხორციელებას მომავალშიც გააგრძელებს.

„ეს არის პატარა კომპლექსი. იცით, ჩვენთვის ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა რამდენად მნიშვნელოვანია და ამისთვის, რა თქმა უნდა, დედაქალაქის მერიამ, გამგეობებმა შესაბამისი ინფრასტრუქტურული პროექტები უნდა განახორციელონ, რომ უფრო მეტი პოპულარიზაცია გავუწიოთ სპორტს, სპორტულ ცხოვრებას, ჯანსაღი ცხოვრების წესს. მიხარია, რომ წყნეთს კიდევ ერთი ასეთი ლამაზი სივრცე შეემატა, სადაც არის სპეციალური დარბაზი ტანვარჯიშისთვის, კარატესთვის, ძიუდოსთვის. ასევე, არის სპეციალური სატრენაჟორო დარბაზი, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მოვიდეს. სასიხარულოა, რომ ამდენი პატარა, ამდენი ახალგაზრდა იქნება დაკავებული სპორტით. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სპორტული ცენტრით სარგებლობა ყველასათვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი დაკავდეს სპორტით და ჯანსაღი ცხოვრების წესით“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მსგავსი თემები