წყნეთის ტყე-პარკის ტერიტორიაზე მშენებლობა არ განხორციელდება

თბილისის ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე, საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად, წყნეთის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე ვაკის გამგებელმა განმარტა, რომ აფხაზეთისა და გრიგოლ აბაშიძის ქუჩების კვეთაზე მდებარე საკალთბურთო მოედნის ადგილზე მშენებლობა არ განხორციელდება, ვინაიდან, თბილისის მერიის შესაბამის სამსახურს მესაკუთრისთვის ნებართვა არ მიუცია.

მიუხედავად ამისა, ტერიტორიაზე სამშენებლო ბანერი განთავსდა, რამაც მოსახლეობაში გაურკვევლობა გამოიწვია.

ვაკის გამგებლის განცხადებით, წყნეთის ტყე-პარკის ტერიტორიაზე არაფერი აშენდება და მშენებლობის ნებართვა არც ერთი ტყე-პარკის, სკვერის თუ სპორტული მოედნების ადგილას არ გაიცემა.

„აღნიშნულ ტერიტორიაზე, რამდენიმე დღის წინ განთავსდა ბანერი, რამაც მოსახლეობის პროტესტი გამოიწვია. მათ მოგვმართეს თხოვნით, რომ გარკვეულიყო სიტუაცია, მართლაც იგეგმებოდა თუ არა აქ რაიმე სახის მშენებლობა. თბილისის არქიტექტურის სამსახურს ამ ტერიტორიაზე მშენებლობის არანაირი ნებართვა არ აქვს გაცემული. მერს არაერთხელ აქვს გაკეთებული განცხადება, რომ სკვერების ტერიტორიაზე არანაირი მშენებლობა არ განხორციელდება. სამწუხაროდ, ეს ტერიტორია წინა ხელისუფლების დროს არის გასხვისებული. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არც კერძო მესაკუთრის და არც მოსახლეობის ინტერესი არ დაირღვეს“, – განაცხადა ნოდარ ტურძელაძემ.

ტყე-პარკის ტერიტორიაზე არსებული საკალათბურთო მოედანი 2006 წელს გასხვისდა, 2015 წლიდან კი ამჟამინდელი მესაკუთრის მფლობელობაშია.

მსგავსი თემები