წყლის დაბალი ხარისხი, კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება – მამუკა ბახტაძე

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, ბავშვთა სისხლში ტყვიის მოცულობა, თანამედროვე სამყაროსთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს და შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების განსაზღვრა, დაგეგმვა და მათი იმპლემენტაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

„ვიცი, რომ ამ მიმართულებით არაერთი ღონისძიება გატარდა, განხორციელდა სხვადასხვა საერთაშორისო პროექტი. ბუნებრივია, ჩვენ აქცენტი უნდა გავაკეთოთ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციებზე და გამოვიყენოთ საუკეთესო გამოცდილება, რომელიც დაგროვდა დასავლეთის ქვეყნებში“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოს მასშტაბით წყლის ხარისხის მდგომარეობის შესწავლისას გამოიკვეთა, რომ მთავრობის მიერ განხორციელებული ინვესტიციების შედეგად გარკვეულ ქალაქებში წყლის ხარისხის გაუმჯობესება აღინიშნება, თუმცა, შეუსაბამობა მაინც მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.

„სამწუხაროდ, საქართველოში ჯერ კიდევ გვაქვს რეგიონები, სადაც ეკოლოგიის თვალსაზრისით რჩება მნიშვნელოვანი გამოწვევები. საკოორდინაციო საბჭოში შემავალ უწყებებს უკვე ჰქონდათ დავალება მიცემული, რომ შეესწავლათ წყლის ხარისხის მდგომარეობა საქართველოს მასშტაბით. გამოიკვეთა, რომ ჩვენს მიერ განხორციელებული ინვესტიციების შედეგად ჩვენ გვაქვს გაუმჯობესება გარკვეულ ქალაქებში, თუმცა, წყლის ხარისხის შეუსაბამობა მაინც რჩება მნიშვნელოვან გამოწვევად. შესაბამისად, ეს ჩვენი მხრიდანაც მოითხოვს უფრო აქტიური ნაბიჯების გადადგმას“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მსგავსი თემები