“გამოძიება ვერ გამოიგონებს არგუმენტებს, ძველი დრო დამთავრდა” – თეა წულუკიანი 

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, 5 თვის წინ თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამას, ზაზა სარალიძეს მიმართავს და მხარდაჭერას ჰპირდება, თუმცა, ამავე დროს მოუწოდებს გამოძიებას ენდოს.

როგორც თეა წულუკიანი აცხადებს, მოსამართლე არის დამოუკიდებელი, გამოძიება კი ვერ გამოიგონებს არგუმენტებს და მხოლოდ იმ არგუმენტების გამოიყენება შეუძლია, რასაც მას მოწმეები მოუტანენ.

​​მისივე თქმით, მსგავს საქმეებს ქუჩის აქციებით არ იძიებენ.

„პროკურატურა ამბობს და მეც ვეთანხმები იმაში, რომ აუცილებელია ყველამ ერთად ვნახოთ, როგორ დაასაბუთა მოსამართლემ ეს, ერთი მხრივ, საზოგადოებისთვის, მეორე მხრივ, პროკურატურისთვის გაუგებარი გადაწყვეტილება. თუმცა მოსამართლე არის დამოუკიდებელი, როდესაც ჩვენ ყველანი ერთად ვამბობთ, რომ საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, ეს ნიშნავს, რომ გამოძიებას ჩვენ ყველამ ნდომა უნდა გამოვუცხადოთ”, – აცხადებს წულუკიანი.

მისივე თქმით, საზოგადოებამ და ხელისუფლების წევრებმა მოისმინეს მოკლულის მამის მოწოდება, – ჩემს გვერდით დადექითო.

“ბატონო ზაზა, მეც, შოთაძეც და ყველანი ვდგავართ თქვენს გვერდით. გამოდი, შემხვდი ქუჩაში და გამოვიძიოთ ქუჩაში საქმე… ეს არ არის უბრალოდ მკვლელობის საქმე, ეს არის ბავშვების მკვლელობის საქმე. ასეთ საქმეებს ქუჩაში არ იძიებენ. გამოძიება ვერ გამოიგონებს არგუმენტებს, რადგან ძველი დრო დამთავრდა. გამოძიებას შეუძლია მხოლოდ ის არგუმენტები გამოიყენოს სასამართლოში, რასაც მას მოწმეები მოუტანენ“, – განაცხადა წულუკიანმა.

2017 წლის პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე, 13 წლის 2 მოზარდს, რამდენიმე თანატოლი ფიზიკურად გაუსწორდა და ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.

მსგავსი თემები