წითელი ხაზები თუ გადაიკვეთება, ჩემს თავს ამ გუნდში ვერ ვხედავ – მირიან წიკლაური კანაფის კულტივაციაზე

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, ჯანდაცვის კომიტეტის წევრი, ექიმი მირიან წიკლაური არ გამორიცხავს, რომ “მარიხუანის კულტივაციის შესახებ კანონპროექტის” მიღებამ საპარლამენტო უმრავლესობის დაშლა გამოიწვიოს და აცხადებს, რომ მსგავსი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში უმრავლესობას თავადაც დატოვებს.

“არის გარკვეული წითელი ხაზები, რომლებიც ყოველი ჩვენგანისთვის, ისეთი ეტაპია, რომლის გადალახვა აღარ შეიძლება და შესაძლებელია მსგავსი ეფექტი მივიღოთ. ​თუ საპარლამენტო უმრავლესობა მხარს დაუჭერს ამ საკითხს, ჩემს ადგილს ასეთ უმრავლესობაში ვეღარ დავინახავ. ფარულად თუ აშკარად, უმრავლესობის დიდი ნაწილი იზიარებს ჩემს პოზიციას, თუმცა არიან მოწინააღმდეგენიც, რომლებიც მარიხუანის კულტივაციის დადებით, ფინანსურ მხარეზე საუბრობენ”, – განაცხადა მირიან წიკლაურმა დღეს, “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე.

დეპუტატის ინფორმაციით, გაიწვევენ თუ არა პარლამენტიდან აღნიშნულ კანონპროექტს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული, თუმცა იმედოვნებს, რომ გადაწყვეტილება ქართული საზოგადოების უმრავლესობის სურვილის შესაბამისად იქნება მიღებული.

​მქონდა მოლოდინი, რომ საკითხს გაიწვევდა მისი ავტორი, თუმცა, ეს მოლოდინი არ გამართლდა, როგორც ჩანს არსებობენ გარკვეული ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოებრივი აზრის წინააღმდეგ წასვლას და ამ თემით ფორსირებას. შესაძლოა ისინი საამისოდ დროს ელოდებოდნენ, მაგრამ საზოგადოება იმდენად არის მომწიფებული და მისი ზნეობრივი მორალური დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ ჩამოყალიბებული, რომ აღნიშნულ საკითხს განვითარების პერსპექტივა არ უნდა ჰქონდეს, იმის მიუხედავად, რაც არ უნდა მძლავრი იყოს ზემოქმედება”, – აცხადებს მირიან წიკლაური.

მისივე თქმით, მმართველ გუნდში ცალსახა არ არის დამოკიდებულება და ამ საკითხს თავისი მომხრეებიც ჰყავს და მოწინააღმდეგენიც.

“ნარკოტიკებით ვაჭრობა იმიტომ კი არ არის ცუდი, რომ ის ლეგალურია, ან არალეგალური, თავისთავად ნარკოტიკებით ვაჭრობა მიმაჩნია უზნეობად. უბრალოდ ეს იქნება ლეგალური უზნეობა. ნარკოტიკი შეიძლება შემოსავლის წყარო იყოს, მაგრამ მისი ზნეობრივი ნაწილი, სამედიცინო თვალსაზრისით მისი მავნებლობაც ხომ გასათვალისწინებელია, აქედან გამომდინარე, საკითხის განხილვა უნდა ხდებოდეს, მორალური და ზნეობრივი თვალსაზრისით, მისი დამაზიანებელი სოციალური ეფექტების გათვალისწინებით”, – აცხადებს მირიან წიკლაური და იმედოვნებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის უმრავლესობა მის პოზიციას იზიარებს.

“იმედი მაქვს, უმრავლესობის უმრავლესობა ჩემს აზრზეა. დეპუტატების ნაწილი ფიქრობს, რომ საჭიროა კანაფის “სიკეთეებზე” საზოგადოების ინფორმირება, თუმცა ჩემთვის მიუღებელია ასეთი “სიკეთეები”, თუ რა “სიკეთე” შეიძლება მოიტანოს მარიხუანის კულტივაციამ, მოყვანამ და გაყიდვამ”, – აცხადებს დეპუტატი.

მსგავსი თემები