“წითელა არ ჩერდება, წელს 1 ადამიანი დაიღუპა” – პაატა იმნაძე ვირუსის გავრცელების მასშტაბებზე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი პაატა იმნაძე აცხადებს, რომ წითელას ვირუსი კვლავ აქტიურია, ის არ ჩერდება და პირველი იანვრიდან დღემდე, დაავადების 2100-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, მაშინ, როდესაც იგივე რაოდენობის შემთხვევები შარშან, მთელი წლის განმავლობაში იყო. წელს, ვირუსით გარდაცვალების ერთი შემთხვევა ფიქსირდება.  

როგორც პაატა იმნაძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, დადებითი ტენდენციაა აცრის პროცესთან დაკავშირებით, მოქალაქეები აქტიურად იტარებენ ვაქცინაციას. ამ დროისთვის, დამატებით, 95 000-ზე მეტი ადამიანია აცრილი, იმათ გარდა, ვისაც 1-დან 5 წლამდე ასაკში აცრა ისედაც ეკუთვნის.

“ეს არის ძალიან კარგი, მაგრამ ეს იქნება თავის დაცვა მათთვის ვინც აიცრა. თუმცა წითელა არ გაჩერდება. მოგეხსენებათ, რომ ყველა რესურსი იყო მობილიზებული, მათ შორის თურქეთმაც გაგვიწია დროებითი დახმარება, დამატებით ვიყიდეთ 95 000 ვაქცინა, თურქეთმა 100 000 და სომხეთმა – 30 000 ვაქცინა მოგვაწოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში დღეს, ვაქცინა საკმარისად არის იმისთვის, რომ 350 000 ადამიანი აიცრას. ამ შემთხვევაში წითელას არა თუ გავაჩერებთ, წითელას პრობლემა საერთოდ მოიხსნება ქვეყანაში, თუ რა თქმა უნდა ბავშვები ჩვეულებრივ განაგრძობენ აცრებს 1-დან 5 წლის ასაკში”, – განაცხადა პაატა იმნაძემ. 

მისივე თქმით, ​ბევრი კითხვა ისმის იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი ქვეყნის წარმოებული ვაქცინა გამოიყენება. 

პაატა იმნაძის ინფორმაციით, წითელას ვაქცინას მსოფლიოში 2 დიდი, ბრენდული კომპანია აწარმოებს, რომელთა დასახელების უფლება სამწუხაროდ არ აქვს. მათ შორის ერთი ამერიკული, ხოლო მეორე დასავლეთ ევროპული კომპანიაა. ვაქცინები არის მაღალი კლასის და აღიარებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ.

“აცრები აქტიურად თუ გაგრძელდება, წელს, წითელას ქვეყანაში, საბოლოოდ დავამარცხებთ. როცა მოსახლეობის 95%-ზე მეტი აცრილია, ვირუსი სხვა ქვეყნებიდან რომც შემოვიდეს, ის ვეღარ გავრცელდება, იმიტომ, რომ არ დახვდება ადამიანი, რომელიც ამ ვირუსის მიმართ მოწყვლადი იქნება. ამ მხრივ ყველა მხარში გვიდგას, რომ ჯერ კიდევ არსებული ჯგუფები, რომლებიც ანტივაქცინაციური პროპაგანდას ეწევიან, გადავძალოთ და მოსახლეობას ჰქონდეს სწორი ინფორმაცია. ამაში აქტიურია მასმედიის როლი და მხარდაჭერა. ​ანტივაქცინაციური კამპანიის მიზანია საზოგადოებაში განხეთქილების ჩამოგდება”, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

“მედიაცენტრ მთავარის” კითხვაზე, რა არის ყველა მძიმე გვერდითი მოვლენა, რაც შესაძლოა წითელას ვაქცინამ გამოიწვიოს, – პაატა იმნაძემ განმარტა, რომ ყველაზე მძიმე გვერდითი მოვლენა, ამ დროს შესაძლოა იყოს ალერგიული რეაქცია – ანაფილაქსიური შოკი. ასეთი შემთხვევა საქართველოში 2008 წლის შემდეგ არ დაფიქსირებულა. შოკი პაციენტს შესაძლოა, აცრიდან 20-30 წუთის განმავლობაში განუვითარდეს.

მისივე თქმით, ანაფილაქსიური რეაქციის 2 შემთხვევა იყო 2008 წელს. ამ დროის პაციენტს სამედიცინო დაწესებულებაში, ადგილზე უტარდება დახმარება და ის მდგომარეობიდან გამოდის. მსგავზი რეაქცია მილიონიდან მხოლოდ ერთ ადამიანს შესაძლოა განუვითარდეს.  

რაც შეეხება მსოფლიო სტატისტიკას. როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი პაატა იმნაძე აცხადებს, წითელას ვირუსის პრობლემა მსოფლიოს ყველა ქვეყანას აწუხებს. ევროპის რეგიონმა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის შარშანდელი მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, შარშან წითელას ვირუსით 72 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის 3 შემთხვევა იყო საქართველოში.

“სამივე გარდაცვლილი ბავშვია, რომლებიც არ იყვნენ აცრილები იმიტომ, რომ ორს ასაკის მიხედვით არ უწევდა, ხოლო ერთს ისეთი დაავადება ჰქონდა, რომლის დროს აცრა არ შეიძლება. მსოფლიო ბაზარზე წითელას ვაქცინის ძალიან დიდი დეფიციტია, იმიტომ, რომ ყველგან არის წითელას აფეთქება. თვითონ ამერიკაში აქვთ წითელას პრობლემა, ამიტომ ვაქცინა იოლად არ იშოვება და როცა უცებ დაგჭირდა ბევრი, თურქეთმა და სომხეთმა შემოგვთავაზეს შემოდგომამდე შეგვიძლია მოგცეთო, ეს მიღებული პრაქტიკაა მეზობელ ქვეყნებს შორის, ჩვენც ბევრჯერ გაგვიმართავს სხვა ქვეყნებისთვის ხელი”, – განაცხადა პაატა იმნაძემ.  

მოამზადა შორენა პაპაშვილმა

მსგავსი თემები