წითელას ეპიდემიის ფართომასშტაბიანი აფეთქების ზღვარზე ვიმყოფებით – პაატა იმნაძე


დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი პაატა იმნაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში იმატა წითელას გავრცელების შემთხვევებმა. ამ დროისთვის, კლინიკურად დადასტურებული 580 შემთხვევა არსებობს. ყველაზე მეტია თბილისში, სამეგრელოსა და კახეთის რეგიონშია.

როგორც პაატა იმნაძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, დაიწყო აცრების აქტიური კამპანია, ბოლო 3 დღეში 12 000-მდე მოქალაქე აიცრა.

იმნაძე, 20-დან 40 წლამდე ახალგაზრდებს მოუწოდებს, იმ შემთხვევაში თუ დანამდვილებით არ ახსოვთ წითელას ვირუსზე აცრილები არიან თუ არა, ჩაიტარონ დამატებითი აცრა.

“წითელას ვირუსზე დამატებითი აცრა დასაშვებია, ის ორგანიზმს კიდევ უფრო გააძლიერებს. წელიწადში წითელათი ავადობის 10 შემთხვევა ნორმალური მაჩვენებელია, მაგრამ ამჟამად ეპიდემიის ფართომასშტაბიანი აფეთქების ზღვარზე ვიმყოფებით”, – განაცხადა პაატა იმნაძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისივე ინფორმაციით, შარშან წითელას 2 000 შემთხვევა იყო აჭარაში, რის გამოც ქვეყნის ამ რეგიონში აცრები აქტიურად ჩატარდა. შედეგად წელს, აჭარაში წითელათი ავადობის შემთხვევებმა იკლო.

“მაგრამ თუ არ აიცრა მაქსიმალურად მეტი ადამიანი, ვირუსის გავრცელების საშიშროება კვლავ გაიზრდება”, – აცხადებს პაატა იმნაძე.

მსგავსი თემები