“წესით, თვითონ უნდა ეყოს, კაცობა, რომ სასჯელი მოიხადოს და არ დაიწყოს ისე, როგორც ქართველებს გვჩვევია, რაღაცეების „ჩალიჩი“- გარდაცვლილი ქალის ოჯახი პოლიციელზე

პოლიციელის მიერ უმისამართლო გასროლის შედეგად გარდაცვლილი ქალის ოჯახის წევრის თემო პირველაშვილი მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება.

როგორც ის განმარტავს, მისთვის წარმოუდგენელია, „მაკაროვის“ ტიპის იარაღიდან გასროლილ ტყვიას 560 მეტრის გავლის შემდეგ ადამიანი მოეკლა. პირველაშვილი აცხადებს, რომ მომხდართან დაკავშირებით არაერთი ვერსია ვრცელდება, თუმცა, ის ექსპერტიზისა და გამოძიების შედეგებს ელოდება.

„აღნიშნული მუხლი შინაპატიმრობასაც ითვალისწინებს და 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთასაც. წესით, თვითონ უნდა ეყოს, როგორც ბრალდებულს ადამიანობა, კაცობა, რომ სასჯელი მოიხადოს და არ დაიწყოს ისე, როგორც ქართველებს გვჩვევია, რაღაცების „ჩალიჩი“. როგორც სამართლადამცავები ამბობენ, გასროლა „მაკაროვის“ ტიპის იარაღიდან მოხდა, ბალისტიკური ექსპერტიზის დასრულებამდე ძნელად დასაჯერებელია, რომ „მაკაროვის“ იარაღმა 560 მეტრში ამდენი რამე გაანგრია და ბოლოს ადამიანი იმსხვერპლა, ეს წარმოუდგენელი რაღაცაა! ბევრი ვერსია და ბევრი ჭორიცაა, წინასწარ ამაზე საუბარი არ მინდა. ამბობენ, ავტომატის ჯერს უფრო ჰგავდა, თუმცა, წინასწარ საუბარი არ მინდა, გამოძიებას ველოდები, როგორ ჩატარდება, რას დაადგენენ და ამის შესაბამისად ვიმოქმედებთ, ვაცადოთ ჯერ, იქნებ რას ამბობენ. ერთი „აბოიმა“ დაცალა, რამდენიმე წამი სჭირდება ახალი მჭიდის გაკეთებას და ისევ გააგრძელა სროლაო. ზოგი ამბობს, 8 გასროლა იყოვო, ზოგი 10-ს ამბობს, ზოგი – უფრო მეტს. ჩვენი ნათესავები ცხოვრობენ გვერდით კორპუსში და ერთი ამბობს, აივანზე ვიდექი და აივანი დაინგრა ისეთი სასწაული იყო. თურმე, რამდენჯერაც დალევდა, ასე „გულაობდა“ ბიჭი. იმედია, ყველაფერი ისე იქნება, როგორც საჭიროა და როგორც ამას კანონი მოითხოვს“, – აცხადებს გარდაცვლილის ახლობელი.

ცნობისთვის, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, ბრმა ტყვიამ ქალის სიცოცხლე ისმხვერპლა. სამართალდამცავებმა პოლიციელი გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის ბრალდებით დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა სოსო გაბრიაძემ საკუთარი საცხოვრებელი ბინის აივნიდან განახორციელა ცეცხლსასროლი იარაღიდან უმისამართო გასროლა. გასროლილი ტყვია თავის არეში მოხვდა მიმდებარე კორპუსში მცხოვრებ თ.ა.-ს, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა.

მსგავსი თემები