“წერტილი უნდა დავუსვათ საპარლამენტო არჩევნების თარიღის თემაზე სპეკულაციას, არჩევნები ოქტომბერში ტარდება” – გია ვოლსკი

წერტილი უნდა დავუსვათ საპარლამენტო არჩევნების თარიღის თემაზე სპეკულაციას, არჩევნები ოქტომბერში ტარდება, – განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ. მან კომენტარი გააკეთა პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ საქართველოს პირველი არხის ეთერში გაკეთებულ განცხადებაზე, რომლის თანახმადაც, „არჩევნების საკონსტიტუციო ვადებში ჩატარებას არაფერი ემუქრება, ასეთი რისკი არ არსებობს, თუ არსებობს, მინიმალურია“.

„ჩვენ ჩავატარებთ ოქტომბერში არჩევნებს და თუ ირაკლი კობახიძეს, გია ვოლსკის ან ნებისმიერ ჩვენგანს ჟურნალისტი კითხავს ან ნებისმიერი მოქალაქე – რას იზამს, ხელისუფლება იმ შემთხვევაში, თუკი ვირუსის გავრცელების რეალური საფრთხე დადგება და საშიშროება შეექმნა მოსახლეობას, იმოქმედებს კონსტიტუციის მიხედვით, ეს არის პასუხი.

აქედან გამომდინარე, წერტილი უნდა დავუსვათ საპარლამენტო არჩევნების თარიღის თემაზე სპეკულაციას, არჩევნები ოქტომბერში ტარდება. ღმერთმა არ ქნას, თუკი მძიმე მდგომარეობა შეიქმნება, ამაზე გადაწყვეტილებას არ მიიღებს პარტია, ოპოზიციაც იმავე აზრზეა. უბრალოდ, ცდილობენ, რომ დამატებით ნიუანსები შეიტანონ.

რაც შეეხება „ქართული ოცნების“ უპირატესობას, ეს ბევრ რამეში გამოიხატება და არა მხოლოდ პანდემიის პირობებში საქმიანობის საკითხებთან დაკავშირებით. რაც შეეხება ოპოზიციას, კლასიკური გაგებით, ოპოზიცია როგორიც უნდა იყოს მაღალ ევროპულ სტანდარტზე, ჩვენ არ გვყავს საქართველოში. ეს არის დაპირისპირებული პოლიტიკური ძალა, რომელსაც რევანშის მიღწევისთვის ნებისმიერ ნაბიჯზე წამსვლელი, მათ შორის ქვეყნის იმიჯის შელახვაზე და კონკრეტული პირები, თუნდაც, ჩემს მიმართ ბრალდებებზეა აგებული. ეს არის რეალურად ოპოზიცია. მათი აზრის გათვალისწინება შეიძლება ეკონომიკა-ბიუჯეტის მიმართულებით, მაგრამ სამწუხაროდ, ასეთი შემთხვევები ცოტაა“, – აცხადებს გია ვოლსკი.

მსგავსი თემები