წეროვანში, სამხედრო მოსამსახურეებისთვის ახალი სამკურნალო კომპლექსი აშენდება 

წეროვანში, მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრის ტერიტორიაზე ახალი, მრავალპროფილური სარეაბილიტაციო კომპლექსის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი, სადაც დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას გაივლიან. შენობა უახლესი ტექნოლოგიებით აღიჭურვება. კომპლექსს ექნება სამკურნალო-სარეაბილიტაციო აუზი,  შესაბამისი ადაპტირებული სპორტული და სარეაბილიტაციო ინვენტარით, რომელიც დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებს როგორც ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ რეაბილიტაციაში, ასევე სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობისთვის მომზადებაშიც დაეხმარება. ცენტრში განთავსდება მოედანი მჯდომარე ფრენბურთისა და კალათბურთისთვის.

როგორც მედიაცენტრ “მთავარს” თავდაცვის სამინისტროში განუცხადეს, კომპლექსი აშშ-ის არმიის ინჟინერთა კორპუსისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის (ODC) მხარდაჭერით დააპროექტეს. ცენტრი სამშენებლო კომპანია შპს LCONS -ის, აშშ-ის საგარეო სამხედრო დაფინანსებით (Foreign Military Financing – FMF) და ამერიკის შეერთებული შტატების არმიის ინჟინერთა კორპუსის წარმომადგენლების უშუალო ხელმძღვანელობით აშენდება.

მრავალპროფილური სარეაბილიტაციო ინფრასტრუქტურის მშენებლობა ამერიკული მხარის მხარდაჭერით ხორციელდება. შენობის საფუძველში სიმბოლურად დროის კაფსულა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ და აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდმა ჩადეს.

ღინისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, ლევან იზორიამ ყურადღება ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების მხარდაჭერაზე გაამახვილა და ამერიკულ მხარეს დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

სამხედრო მოსამსახურეებსა და სტუმრებს სიტყვით, ელიზაბეთ რუდმა და აშშ-ის არმიის ინჟინერთა კორპუსის წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა ჯონ ბეიკერმაც მიმართეს. მათ ქართველი ჯარისკაცების პროფესიონალიზმსა და ერთგულების უნარზე ისაუბრეს და დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებს პატივისცემა კიდევ ერთხელ დაუდასტურეს.

ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ ექვს დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეს ახალი ელექტრო ეტლები გადასცა, რომლებიც დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეთა მხარდაჭერის ფონდმა, თავდაცვის სამინისტროს პროექტ “მხატვრები მშვიდობისთვის” ფარგლებში შესული თანხით შეიძინა.

ღონისძიებას გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, თავდაცვის მინისტრისა და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეები, შეიარაღებული ძალების, აშშ-ის საელჩოს, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის (ODC) წარმომადგენლები, უცხოელი მრჩევლები და დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეები დაესწრნენ.

 

მსგავსი თემები