წელს თემქის ხევის, ვაკის პარკისა და დიღმის ჭალების რეაბილიტაცია დაიწყება

თბილისის მერმა, კახა კალაძემ 2020-2021 წლებში განსახორციელებელი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების პრეზენტაცია გამართა. როგორც მან აღნიშნა, დაგეგმილი სამუშაოები სამ ძირითად კომპონენტს მოიცავს, რომელთა შორის მწვანე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და შექმნა, მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება და ქალაქში არსებული ისტორიული ძეგლების რეაბილიტაცია შედის.

მწვანე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დეტალურად დედაქალაქის მერის მოადგილე მაია ბითაძემ ისაუბრა. მისი თქმით, 2020 წელს თემქის ხევის რეაბილიტაცია დაიწყება,  რომლის ღირებულებაც 43 000 000 ლარია. სამუშაოები 22 ჰექტარ ტერიტორიაზე იწარმოებს.

„მიმდინარე წელს ძალიან მნიშვნელოვანი და მსხვილი პროექტები გვაქვს დაგეგმილი. მწვანე ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ე.წ. თემქის ხევის რეაბილიტაციის პროექტის განხორციელება იქნება, რომელიც ძალიან ბევრ უბანს აერთიანებს, სადაც დაახლოებით, 40 000 ადამიანი ცხოვრობს. ჩვენი ამბიციაა, რომ  ეს პროექტი არამხოლოდ საუბნო პარკად იქცეს, არამედ მას საქალაქო მნიშვნელობა ჰქონდეს. პროექტის განხორციელება მწვანე ლანდშაფტური ინფრასტრუქტურის კუთხით, დაახლოებით, 22 ჰექტარი ტერიტორიის განაშენიანებასთან არის დაკავშირებული. პარკში მოეწყობა გადასასვლელი ხიდები, რომელიც დააკავშირებს ზღვის უბნის ორ ნაწილს. ასევე, მოეწყობა საფეხმავლო ხიდები, კაფეები, სპორტული მოედნები, ორი ხელოვნური ტბა. ასევე, გვაქვს გარკვეული გეგმები, რომელიც პარკს ტურისტულად მიმზიდველს გახდის“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

მისი თქმით, აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად, ტენდერი უახლოეს მომავალში გამოცხადდება. სამუშაოები ორი წლის განმავლობაში გაგრძელდება.

მიმდინარე წლის მნიშვნელოვან პროექტებს შორის ასევე, ვაკის პარკის რეაბილიტაციაც შედის. რეაბილიტაცია დაახლოებით, 34 ჰექტარ ტერიტორიას ჩაუტარდება. სამუშაოები, რომლის ღირებულება საერთო ჯამში, 30 000 000 ლარია, პარკის რეაბილიტაციის გარდა, ცენტრალური ღერძის გასწვრივ არსებული კასკადის და შადრევნების აღდგენა-რეაბილიტაციას ითვალისწინებს.

„ვაკის პარკი ისტორიული ძეგლის სტატუსის მატარებელია. შესაბამისად, მას განსაკუთრებული სიფრთხილით ვეპყრობით. ჩვენთვის ცნობილი ნაწილის რეაბილიტაციის გარდა, ვაკის პარკსა და კუს ტბას შორის შესაბამის ბილიკებს მოვაწყობთ, რომელიც ამ ორ სივრცეს ერთმანეთთან დააკავშირებს. პარკის რეაბილიტაცია უახლოეს მომავალში დაიწყება და ვფიქრობთ, რომ განახლებულ, ჯანსაღ სივრცეს მივიღებთ, სადაც ყველა მოქალაქის ინტერესი იქნება გათვალისწინებული. ასევე, გვექნება შესაძლებლობა, რომ პრაქტიკულად, ხელუხლებელ ურბანულ ტყესთან გვქონდეს წვდომა, რომელიც ვაკის პარკს კუს ტბასთან აკავშირებს“, – აღნიშნა მერის მოადგილემ.

მისივე ინფორმაციით, ვაკის პარკის რეაბილიტაციის პროექტის მომზადებაში ჩართული იყვნენ ბრიტანელი ექსპერტები, რომელთაც მწვანე ისტორიული კულტურული მემკვიდრეობის მქონე ძეგლების რეაბილიტაციის და დაპროექტების დიდი გამოცდილება აქვთ.

„რეაბილიტაციის დროს, ვაკის პარკის მეორე მნიშვნელოვანი კომპონენტი კასკადია, რომელიც ბევრ ჩვენგანს აღარ ახსოვს – კასკადი, რომელიც მთლიანად ამორტიზებულია და დღეს პრაქტიკულად, გამორთულია. აღნიშნული კასკადის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, სატენდერო პროცედურები ძალიან მალე კასკადი იმ სახით აღდგება, როგორიც 1980-იანი წლებიდან გვახსოვს. ასევე, მოეწყობა სპეციალური რეზერვუარი, რომელიც პარკს წყლის ფუნქციონირების ორ საშუალებას მისცემს“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

გარდა ამისა, მიმდინარე წელს დიღმის ჭალების ტერიტორიაზე საქალაქო პარკის მოწყობის სამუშაოები დაიწყება. პროექტი, რომელიც დაახლოებით, 15 ჰექტარ ტერიტორიაზე განხორციელდება, ქალაქს მტკვართან დააკავშირებს. სამუშაოების ღირებულება 14  836 147 ლარია.

„რეკრეაციული სივრცე, რომელიც მდინარის პირას არის შექმნილი, თითოეულ ქალაქს განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს. დიღმის ჭალების პროექტი, რომელიც გლდანის ხიდების მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელდება, უკვე მომზადებულია. სამუშაოები ორი წლის განმავლობაში იწარმოებს. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია იმ თვალსაზრისით, რომ დღეს აღნიშნულ ტერიტორიაზე ნაგავსაყრელია. ტერიტორიის განახლებისა და პარკის მოწყობის შემთხვევაში, გვექნება უნიკალური სივრცე, რომელიც პრაქტიკულად, მტვრის ორ მხარეს დააკავშირებს. ეს არის ერთადერთი ადგილი, სადაც მტკვარში არის კუნძული და გადაშენების პირას მყოფი სახეობა – წავი ბინადრობს. ტურისტული მნიშვნელობისთვის და მათ შორის, ქალაქის ურბანული ეკოსისტემის შენარჩუნების კუთხით, ვფიქრობთ, რომ აღნიშნული პროექტის განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა მერის მოადგილემ.

მისივე თქმით, პარკი, როგორც სპორტულ, ასევე რეკრეაციულ სივრცეებს გააერთიანებს. დიღმის ჭალებში მოეწყობა ხელოვნური ტბა, რომელიც, პარკის დანარჩენ ნაწილს, როგორც საფეხმავლო, ასევე ველობილიკებით დაუკავშირდება.

მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების პრეზენტაციას საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, მერის მოადგილეები, თბილისის მთავრობისა და საკრებულოს წევრები, პარლამენტის დეპუტატები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები ესწრებოდნენ.

მსგავსი თემები