“წარწერა, რაც მოზარდმა გააკეთა, მის სასოწარკვეთილებაზე მიუთითებს”, – ფსიქოლოგი სკოლაში მომხდარ ინციდენტზე

წამების, ძალადობისა და მსხვერპლთა ფსიქო – რეაბილიტაციის საერთაშორისო ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი, „მწვანე სკოლაში“ მომხდარი ინციდენტის შედეგად დაზარალებული მოზარდის შესახებ, „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრობს.

მისი თქმით, ამ კონკრეტულ შემთხვევაში სისტემური პრობლემა იკვეთება, რაც დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გამოძიებული შესაბამისი ორგანოს მიერ.

„საკითხი სისტემურად დგას. აქ არამარტო პოლიციის სავარაუდო დანაშაული იკვეთება, არამედ იკვეთება თვითონ ამ სკოლაში შექმნილი მძიმე ფსიქოლოგიური გარემო და არაადეკავატური დამოკიდებულება არასრულწლოვნების მიმართ. წარწერა, რომელიც ვიხილეთ, არ შეიძლებოდა გამხდარიყო იმის მიზეზი, რომ გამოეძახათ პოლიცია და არასრულწლოვანი გადაეცათ პოლიციისთვის. ეს არის სკოლის მიერ განხორციელებული სადამსჯელო ოპერაცია და ამგვარი დამოკიდებულება ჩვენ გვახსოვს მხოლოდ საბჭოთა პერიოდიდან. ბოლო დროს ძალიან გახშირებულია არასრულწლოვნების მიმართ არაადეკვატური დამოკიდებულება და შესაბამისად, შემდგომში განხორციელებული სუიციდის მცდელობები, მიუთითებს იმაზე, რომ არსებობს სისტემური პრობლემა. რა თქმა უნდა, გვაქვს არასრულწლოვანების მართლმსაჯულების კოდექსი, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს, თუ არ იქნება სისტემური ცვლილება, რომელშიც ჩაერთვება როგორც ჯანდაცვის, ასევე განათლების სამინისტრო. კიდევ ერთი პრობლემა ისაა, რომ არ არსებობს დამოუკიდებელი მონიტორინგის და შეფასების მექანიზმები, ეს არის კონსოლიდირებული სახელმწიფოს ხელში. სახელმწიფო არ აღიქვამს სათანადოდ ადამიანის წამებისა და არასათანადო მოპყრობის პრობლემებს და შედეგიც არის შესაბამისი,“- აცხადებს მარიამ ჯიშკარიანი.

ფსიქოლოგის განმარტებით, წარწერა, რაც სკოლის კედლებზე მოზარდმა გააკეთა, მის სასოწარკვეთილებაზე მიუთითებს. ასეთ ადამიანს კი დახმარება და თანადგომა სჭირდება:  

„წარწერა მოზარდის სასოწარკვეთილ მდგომარეობაზე მიუთითებს. მოზარდი, რომელიც ამ წარწერას წერს, არის სასოწარკვეთილი. ზოგადად, სკოლები მზად არ არიან ფსიქოლოგიური მიდგომები ჰქონდეთ მოზარდებთან. არასრულწლოვანთან, რომელსაც ისეც პრობლემა აქვს, პოლიცია კი არ უნდა გამოიძახო, უნდა ჩართო ფსიქოლოგი და დაიბარო მშობელი. ნებისმიერ შემთხვევაში საჭიროა სწრაფი, ეფექტური და მიუკერძოებელი გამოძიება, რაც ვფიქრობ, გამოკვეთს სკოლის, სამართალდამცავების, თუ კიდევ რამე სხვა პრობლემის ბრალეულობას“, – განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა.

შეგახსენებთ, რომ 15 წლის თბილისელმა მოზარდმა, რომელიც საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლებმა, ფაქტის გარკვევის მიზნით, გამოკითხვაზე დაიბარეს, თვითმკვლელობა სცადა. საიას ინფორმაციით, არასრულწლოვანი მე-9 სართულიდან, სავარადოდ, პოლიციის მიერ, ფსიქოლოგიური ზეწოლის გამო გადახტა, რასაც შსს ოფიციალური განცხადებით უარყოფს. მოზარდი ამჟამად, იაშვილის სახელობის კლინიკაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება. არასრულწლოვანის თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს.

მსგავსი თემები