წარმატებას სპორტით და ფეხბურთით მივაღწიე – კახა კალაძე ახალგაზრდებს მიმართავს 

თბილისის მერი კახა კალაძე ახალგაზრდებს მოუწოდებს განათლება შეიძინონ, რადგან განათლების გარეშე  შეუძლებელია წარმატების მიღწევა ნებისმიერ სფეროში, იქნება ეს სპორტი, ბიზნესი თუ სხვა. ასევე, დაკავდნენ სპორტით და მისდიონ ცხოვრების ჯანსაღ წესს.

როგორც კახა კალაძემ რუსთავში, ბავშვთა საფეხბურთო აკადემიის გახსნის ცერემონიალზე განაცხადა, მან წარმატებას სწორედ სპორტით და ფეხბურთით მიაღწია.

“ძალიან ბედნიერი ვარ და მიხარია, რომ ასეთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა და კიდევ ერთი საფეხბურთო ბაზა, აკადემია შეემატა ჩვენს ქვეყანას. ეს ფაქტი ჩემთვის განსაკუთრებით საამაყოა, რადგან თუ რაიმე წარმატებას მივაღწიე, სწორედ სპორტით და ფეხბურთით მაქვს მიღწეული. კიდევ უფრო მეამაყება, რომ დღეს გვეძლევა შესაძლებლობა, ასეთი საინტერესო, ქვეყნისა და ქართული ფეხბურთისთვის სასარგებლო პროექტებით შევცვალოთ ის, რაც აქამდე პრობლემა იყო. მიხარია, რომ აკადემიაში არის შესაძლებლობა, რომ სპორტით დაკავებულმა ახალგაზრდებმა მიიღონ განათლება”, – აცხადებს კალაძე.
​მისი თქმით, საქართველოს ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა ჰყავს, ნიჭიერი თაობები იზრდებიან და სწორედ მათ სჭირდებათ ხელშეწყობა, რომ მომავალში გახდნენ წარმატებული ფეხბურთელები.

“მოხარული ვარ, რომ ასეთი პროექტები ხორციელდება არა მარტო თბილისში, არამედ რეგიონებშიც. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ქალაქი, რაიონი და სოფელი მოვიცვათ სპორტით. დიდი მადლობა, ასევე, უეფას, ფიფას მხარდაჭერისთვის, რომლის გარეშეც ამ პროექტების განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა. მინდა, წარმატება ვუსურვო ლევან კობიაშვილს, რადგან ზუსტად მისი სწორი მენეჯმენტის გამო განხორციელდა ეს ყველაფერი. ეს სწორი მენეჯმენტი აისახა საქართველოს ეროვნულ ნაკრებზეც და შემთხვევითი არ არის ის, რომ ჩვენ ჯგუფში პირველ ადგილზე ვართ. წარმატებას ვუსურვებ მათ”, – განაცხადა კახა კალაძემ.

რუსთავში, ბორის პაიჭაძის სახელობის ბავშვთა საფეხბურთო აკადემია გაიხსნა. პროექტი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, უეფას პროგრამა „ჰეთ-თრიკისა“ და ფიფას პროგრამა „ფორვარდის“ დაფინანსებით განხორციელდა. 6 ჰექტარზე განთავსებულ საფეხბურთო აკადემიაში ორი ბუნებრივსაფარიანი და ორი ხელოვნურსაფარიანი მოედანი ფუნქციონირებს. ინდივიდუალური განათების სისტემა სამ მოედანს მოემსახურება. ტერიტორიაზე ორი შენობაა განთავსებული.

 

მსგავსი თემები