ძიუდოისტები, დავით ქევხიშვილის გადადგომის მოთხოვნით მასობრივ გამოსვლებს იწყებენ  

ძიუდოისტები დღეს ვაკის პარკში შეიკრიბნენ და ფედერაციის პრეზიდენტს უნდობლობა გამოუცხადეს. მათ დავით ქევხიშვილის გადადგომა მოითხოვეს და 7 მაისიდან ფართომასშტაბიანი გამოსვლები დააანონსეს.

როგორც ევროპის სამგზის და მსოფლიო ჩემპიონმა, ავთანდილ ჭრიკიშვილმა აღნიშნა, ფედერაციის პრეზიდენტს ჯერ კიდევ აქვს გონივრული ვადა, რომ დაპირისპირება თავიდან აიცილოს და საკუთარი სურვილით დატოვოს დაკავებული თანამდებობა.
სპორტსმენი, თელ-ავივში ქართველი ძიუდოისტების წარუმატებლობას, ფედერაციაში პრობლემების არსებობას უკავშირებს.

“ორშაბათიდან ჩვენს გამოსვლებს მასშტაბური სახე ექნება. ფედერაციაში ძალიან ბევრი პრობლემა დაგროვდა, რისი შედეგია თელ-ავივში გამართული ევროპის ჩემპიონატი, საიდანაც საქართველოს ნაკრები მედლის გარეშე დაბრუნდა. ძიუდოისტთა გუნდი და ბიჭები ისევ ერთ აზრზე ვრჩებით. გამოიჩინოს დავით ქევხიშვილმა კეთილგონიერება და დატოვოს ფედერაციის პრეზიდენტობა”, – განაცხადა ავთანდილ ჭრიკიშვილმა.

დღესვე გახდა ცნობილი, რომ საქართველოს ძიუდოს ფედერაციის რიგგარეშე ყრილობა 10 მაისს გაიმართება, თუმცა, ყრილობაზე ფედერაციის პრეზიდენტის საკითხი არ განიხილება. თანამდებობის დატოვებას, ამ ეტაპზე, არც დავით ქევხიშვილი აპირებს, რის შესახებაც მან საჯაროდ განაცხადა.

​”ყრილობის დღის წესრიგში ორი საკითხია – ფედერაციის პრეზიდენტის ანგარიში და მიმდინარე პროცესების განხილვა”, – აცხადებენ ძიუდოს ფედერაციაში.

დავით ქევხიშვილის გადადგომა, რამდენიმე დღის უკან ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ვეტერანმა ძიუდოისტმა ზურაბ ზვიადაურმა მოითხოვა. მან ქევხიშვილი კორუფციასა და ძიუდოს დაღუპვაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ქევხიშვილმა ძიუდო, მისი და მისი სამეგობროს ბიზნესად აქცია. ​

მსგავსი თემები