ძველ კორპუსებს რა ვუყოთ, არ ვიცით – ენერგოომბუდსმენი აფეთქებებზე

დიღომში, ბუნებრივი აირის გაჟონვის გამო მომხდარ აფეთქებებთან დაკავშირებით, ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი აცხადებს, რომ ძირითადი პრობლემა ამ მხრივ ძველ შენობებში იქმნება, რადგან კომუნიკაციის ქსელი ძველი მოწყობილია და არ არსებობს ამ ქსელის ვიზუალური დოკუმენტი.

​როგორც სალომე ვარდიაშვილმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, თავად შენობის მცხოვრებლების ბევრ შეცდომას უშვებენ და არ იცავენ უსაფრთხოების წესებს. კერძოდ, ძალიან ბევრი შეცდომაა დაშვებული, როგორც გაზის დანადგარების მონტაჟის, ასევე, ქსელის მოწყობისას. დაუშვებელია CO -ს გაშვება სავენტილაციო მილებში. ეს საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ კონკრეტული ბინის მცხოვრებლებს, არამედ მეზობლებისაც; ისეთი ტიპის დანადგარების არსებობა სახლში, რომლებიც არ არის განკუთვნილი შიდამოხმარებისთვის, მათ შორის, წყლის გამაცხელებლები, კუსტარულად აწყობილი გამათბობლები, რომლებიც არ არის განკუთვნილი დახურულ სივრცეში გამოყენებისთვის.

მისივე განმარტებით, გაზის მოწყობილობებს მოჰყვება ინსტრუქცია, სადაც აღნიშნულია, განკუთნილია თუ არა ის შიდამოხმარებისთვის. მაგრამ ბევრი ადამიანი, ან ინსტრუქციას არ კითხულობს და მონტაჟს ისეთი პირები ახორციელებენ, ვისაც ამის გამოცდილება არ აქვთ. 

​სალომე ვარდიაშვილის ინფორმაციით, გაზის დანადგარების 80% კუსტარულად არის დამონტაჟებული.  მდგომარეობა თანაბრად საგანგაშოა როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. სავალალო მდგომარეობაა რუსთავში, ქუთაისში და ქვეყნის ველა დიდ ქალაქში, სადაც გაზის გამათბობლებს იყენებენ.

“ახალ კორპუსებთან დაკავშირებით, ბოლო წლების განმავლობაში ის ნორმები, რომელიც უნდა ყოფილიყო დაცული, ასე თუ ისე დაცულია. ახალი კორპუსის გაზიფიცირებასთან დაკავშირებით იმართება კონკურსი და ამის მიხედვით შეირჩევა კომპანია, რომელსაც მინიმალური სტანდარტების დაცვა მოეთხოვება. თქვენ ნახეთ, რა მდგომარეობაში იყო დიღმის მასივის ის კორპუსი, სადაც 7 აპრილს მოხდა აფეთქება, როდესაც ვიხილეთ იქ მიშენებები. გაზის მეურნეობა იმდენად საშიშია, უნდა იყოს მოწესრიგებული. შესაბამისად არ ვიცით რა ვუყოთ ამ კორპუსებს. ამიტომ, ყველამ, ვინც ენერგეტიკაში ვმუშაობთ, ყველაფერს დავანებოთ თავი და ვიმუშაოთ მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლებაზე. ​როგორ ვიცი, ადგილობრივ თვითმმართველობებს აქვთ ასეთი პოზიცია”, – აცხადებს ენერგოომბუდსმენი.

​მისივე თქმით, საჭიროა შემოვიდეს აქტიური შემოწმების მექანიზმი, რომელიც მოიცავს თითოეული ოჯახის  ქსელის აღწერას. შემოწმების შემდეგ უნდა გაიცეს სელთიფიკატი, რომ მომავალში შემოწმების განხორციელების დროს ინსპექტორს არ გაუჭირდეს იმის გარკვევა რა და როგორ უნდა ნახოს.   

მსგავსი თემები