ძველ თბილისს, თბილისური ტიპის, კიდევ ერთი სახლი შეუნარჩუნდა

თბილისის ერთ-ერთ ისტორიულ ნაწილში, კერძოდ, ჩუღურეთის რაიონში, სულიაშვილის ქუჩის N8-ში მდებარე ავარიული შენობის კაპიტალური გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს. მონოლითური რკინა-ბეტონით გამაგრდება სახლის საძირკველი და კედლები, ხოლო ​ფანჯრებსა და კარის ღიობებს ლითონის კუთხოვანი ჩარჩოები უკეთდება.  

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” ჩუღურეთის რაიონის გამგეობაში განუცხადეს, სულიაშვილის ქუჩის N8-ში მდებარე თბილისური ტიპის ძველებური სახლი, სადაც ხუთი ოჯახი ცხოვრობს, ავარიულ მდგომაროებაში იყო. პროექტის დასრულების შემდეგ, ჩუღურეთის რაიონს კიდევ ერთი, თბილისური ტიპის იერსახის სახლი შეუნარჩუნდება.  

სამუშაოებს ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია ასრულებს. პროექტის ღირებულება 171 000 ლარია. პროექტი „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება.

გამგეობის ინფორმაციით, მიმდინარე წელს ჩუღურეთის რაიონში თბილისური ტიპის სამი საცხოვრებელი სახლი კაპიტალურად გამაგრდა, ხოლო ხუთ მისამართზე გამაგრების სამუშაოები ამ დროისთვის მიმდინარეობს.

მსგავსი თემები