ძველი თბილისის ქუჩებში ჩასაფრებული საფრთხე ტურისტებისთვის – რეპორტაჟი     

თბილისის ისტორიული უბნები უცხოელი ტურისტების საყვარელი ადგილია, მაგრამ ხშირია შემთხვევები, როცა უცხოელები მაწანწალა მოზარდების თავდასხმის ობიექტები ხდებიან. პრობლემა, რასაც ქართველი გიდები ძირითადად აბანოთუბანსა და ლეღვთახევში აწყდებიან, არახალია და მისი მოგვარების პერსპექტივაც ჯერჯერობით არ ჩანს. ერთ-ერთი ბოლო ინციდენტი 26 ნოემბერს მოხდა. ქვეყანაში მიმდინარე საარჩევნო პროცესების გამო ის მედიის ყურადღების მიღმა დარჩა.

​ყოფილი ჟურნალისტი მიხეილ ვარძელაშვილი ამჟამად, ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის გიდია. ამბობს, რომ საქართველო ბოლო დროს ერთ-ერთ მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად იქცა. საზღვარგარეთიდან ვიზიტორების რაოდენობა ყოველწლიურად მატულობს. ტურისტებისთვის განსაკუთრებით მიმზიდველია თბილისის ისტორიული ნაწილი – აბანოთუბანი, ლეღვთახევი, 100 ათასი მოწამის ხიდი, ნარიყალა, გორგასლის ძეგლი. თუმცა, ჩემი ყოფილი კოლეგა ეჭვობს, რომ ვინც ერთხელ აქ მაწანწალების თავდასხმას საკუთარ თავზე იწვნევს, მეორედ მოისურვონ ჩამოსვლა.

როგორც “მედიაცენტრ მთავარის” ჟურნალისტს მიხეილ ვარძელაშვილმა უამბო, 26 ნოემბერს, დუბაიდან სამი დღით ჩამოსულმა ინდოელმა ტურისტებმა ძველი თბილისი დათვალიერება მოისურვეს. ნოემბრის ბოლოსთვის უჩვეულოდ თბილი ამინდი იყო. გიდიც და ტურისტებიც შესანიშნავ განწყობაზე იყვნენ და ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ ერთი ჩვეულებრივი, უწყინარი გასეირნება პოლიციასთან შეხვედრით დასრულდებოდა.

აბანოთუბნიდან მომავალ ინდოელ ცოლ-ქმარს მეიდანში მოულოდნელად ბოშები შემოიეხვივნენ გარს. ამ მიდამოებში მათხოვრების არსებობა ლამის თბილისის “კოლორიტად” იქცა. „დამეხმარე-დამეხმარეს“ ძახილით ზოგი ტურისტს ფეხზე, ზოგიც ხელზე ჩამოეკიდა. დაახლოებით ათნი იყვნენ და ერთი შეხედვით შეთანხმებულად მოქმედებდნენ. უფროსები  ტურისტებს ხელებზე ჩამოეკიდნენ, თითქოს ამით მათი ყურადღების მოდუნება სურდათ,  ამასობაში პატარა ბიჭმა ერთ-ერთ ტურისტს ჯიბიდან საფულე ამოაცალა და გაიქცა. ტურისტმა ეს შეამჩნია და ყვირილი დაიწყო, პატარა მძარცველი კი გაუჩინარდა.

უცხოელებს ადგილობრივები გამოექომაგნენ ორი თავდამსხმელის დაჭერა შეძლეს. ამასობაში გიდმა “112”-ში დარეკა და პოლიცია გამოიძახა. ახლო-მახლო პოლიციის ეკიპაჟი არ აღმოჩნდა.

„პოლიცია დაახლოებით 5-7 წუთში მოვიდა. პირველი, რაც ადგილზე მისულმა პოლიციელებმა მკითხეს, ეს იყო, გავაფრთხილე თუ არა ტურისტები, რომ ასეთი რამ შეიძლება მომხდარიყო. მე ვუპასუხე, რომ მათხოვრების შესახებ გავაფრთხილე, მაგრამ პორტმანი ჩემს თვალწინ პირველად ამოაცალეს, და რაც აქამდე არ მომხდარა, ამის შესახებ, ბუნებრივია, ვერ გავაფრთხილებდი“ – ამბობს მიხეილ ვარძელაშვილი.

მისივე თქმით, ტურისტებმა დაკავებულები საპატრულო პოლიციას გადასცეს, თუმცა ისინი გაქცევას არც აპირებდნენ. მიხეილ ვარძელაშვილი არ გამორიცხავს, რომ ეს მათი მოქმედების ტაქტიკა იყოს – ორი თავდამსხმელი ადგილზე რჩება, დანარჩენები კი გარბიან. ამასობაში ვიღაცამ დაიყვირა „საფულე აქ არისო“. ის შემთხვევის ადგილიდან დაახლოებით 20-იოდ მეტრში ბოშებმა დააგდეს, შიგ ფული აღარ იდო, ხოლო საბანკო ბარათები და საბუთები . ინდოელი ტურისტებს ბედად, ადგილზე დახვდათ. მათი ინფორმაციით, საფულეში არაბეთის საამიროების 2500 დირჰამი (დაახლოებით 1700 ლარი) ჰქონდათ, ასევე, დაიკარგა 100 ლარამდე თანხა.

საპატრულო ეკიპაჟმა გამომძიებლები გამოიძახა. ადგილზე დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ მივიდნენ.

„როდის მიფრინავენ? – მკითხა გამომძიებელმა, სამ დღეში – ვუპასუხე. საქმე რომ აღვძრათ, მოუწევთ საქართველოში დარჩენა და სამ დღეში ნამდვილად ვერ ჩავეტევით. თანაც ამ ბოშებს არც საბუთი აქვთ, არც მოქალაქეობა, ასე არიან უპატრონოდ, და თანაც ვინც თქვენ დაგესხა, არასრულწლოვანია. რომც დავაკავოთ, ციხეში ვერ ჩავსვამთ, ვინაიდან 14 წლის არ არიანო. მთხოვეს მთელი ეს ინფორმაცია ტურისტებისთვის მეთარგმნა. გამომძიებელმა ასევე დაამატა, რომ ფულის დაბრუნების ალბათობა პრაქტიკულად ნულის ტოლია“, – განუცხადა მიხეილ ვარძელაშვილმა “მთავარს”.

ტურისტებმა კატეგორიულად განაცხადეს, რომ მათ დუბაიში ბევრი საქმე აქვთ და საქართველოში მხოლოდ სამი დღით ჩამოვიდნენ. პოლიციასთან შეთანხმდნენ, რომ საქმეს არ აღძრავდნენ, თუმცა მომხდარის შესახებ აუცილებლად აცნობებდნენ ინდოეთის და საამიროების საელჩოებს.

მომხდარის გამო, აღშფოთებას ვერ მალავდა მიხეილ ვარძელაშვილი. მისი აზრით, უსამართლობაა, როცა მძარცველი ტურისტს თავს ესხმის, ართმევს საფულეს, პოლიცია კი ვერაფერს აკეთებს. მომხდართან დაკავშირებით იგი, იმავე დღეს ძალოვანი უწყების რამდენიმე მაღალჩინოსანს დაუკავშირდა (რომელთა ვინაობას არ აკონკრეტებს). მათ უთხრეს, რომ ეს საშუალო სიმძიმის დანაშაულია. არასრულწლოვანთა ბანდები თავს ესხმიან მაღაზიებს, სავაჭრო ობიექტებს. იპარავენ 30 -40 ათასი ლარის პროდუქციას, ხოლო პოლიცია ვერაფერს აკეთებს, რადგან კანონი 14 წლამდე მოზარდებს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს.

„ყველაზე მეტად რაც მეწყინა ერთი ადამიანის მიერ ნასროლი ფრაზა გახდა. როდესაც მე ვუთხარი, რომ ასე ტურისტებს დავკარგავთ, მან მიპასუხა -„სხვა ქვეყნებში ამაზე უარესი ხდება. ამათ თუ აღარ მოუნდათ საქართველოში ჩამოსვლა, დიდი რამე. სხვები ჩამოვლენ. აი ასეთი მდაბიო აზროვნების ადამიანები ცხოვრობენ ისტორიულად სტუმართმოყვარეობით ცნობილ საქართველოში“, – განუცხადა “მთავარს” მიხეილ ვარძელაშვილმა.

მან ტურისტებზე თავდამსხმელებისთვის ფოტოს გადაღება შეძლო და ექსკლუზიურად  “მედიაცენტრ მთავარს” გადასცა.

ავტორი: შორენა პაპაშვილი
ფოტო: მიხეილ ვარძელაშვილი 



 

მსგავსი თემები