ძაღლებისა და კატების მოშენებას სპეციალური ნებართვა დასჭირდება

შინაური ცხოველების გამრავლებისთვის, მათ მეპატრონეებს მალე, სპეციალური ნებართვის აღება დასჭირდებათ. შესაბამისი კანონპროექტის განხილვა პარლამენტში უკვე მიმდინარეობს.

როგორც მედიაცენტრ “მთავარში” დღეს, ​თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს უფროსმა ვახტანგ ლომჯარიამ განაცხადა, უკვე მიმდინარეობს “შინაური ბინადარი ცხოველების შესახებ” კანონპროექტის განხილვა, რომელიც გულისხმობს შინაური ცხოველების გამრავლების კონტროლს. კერძოდ, ადამიანს, რომელსაც სურს ცხოველების მოშენება, დასჭირდება სპეციალური ნებართვა, ლიცენზია.

“ეს საკანონმდებლო ცვლილება შედეგად მოგცემს მიუსაფარი ცხოველების რაოდენობის შემცირებას ჰუმანური მეთოდებით, მათი გამრავლების უნარის შეზღუდვას სტერილიზაცია-კასტრაციით, ასევე, შესაძლებელი იქნება  ცხოველების გამრავლების გაკონტროლება”, – აცხადებს ვახტანგ ლომჯარია.

​მისივე თქმით, მოქალაქეები, რომლებიც არ აპირებენ თავიანთი ოთხფეხა ბინადრის გამრავლებას, უმჯობესია მას კასტრაცია-სტერილიზაცია ჩაუტარონ, რათა ცხოველი დაცული იყოს სხვადასხვა დაავადებებისგან.

ვახტანგ ლომჯარიას ინფორმაციით, კანონი ასევე კრძალავს მეტისების გამრავლებას, თუმცა, თუ მოქალაქეს სახლში ჰყავს მეტისი და მისი გამრავლება სურს, პასუხისმგებელი უნდა იყოს ლეკვების მოვლაზე და მათთვის მზრუნველი პატრონი მოძებნოს.

“ხშირია შემთხვევები, როდესაც პატრონს აღარ სურს ძაღლი და მას ქუჩაში უშვებს. ასეთ ბედს ხშირად იზიარებენ სუფთა ან შერეული, უფრო ხშირად კი მონადირის ჯიშის ძაღლები. როდესაც მათი პატრონები გადაწყვეტენ, რომ ძაღლი თავს ვერ ართმევს თავის ფუნქციას და სათანადოდ არ ნადირობს, ან ხმაურის ეშინია, მას ქუჩაში უშვებენ”, – აცხადებს ლომჯარია.

მსგავსი თემები