„ძალიან წუხს, ძალიან ნანობს, ემოციურად ძალიან მძიმე მდგომარეობაშია” – დაკავებული პოლიციელის ადვოკატი

დაკავებულ პოლიციელს, რომლის მიერ გასროლილ ტყვიასაცშუახნის ქალი ემსხვერპლა, ოფიციალურად ბრალს სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ.

როგორც ადვოკატი განმარტავს, პოლიციელმა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით ჰაერში რამდენჯერმე გაისროლა და ის მომხდარის გამო მძიმე ემოციურ მდგომარეობაშია.

„ძალიან წუხს, ძალიან ნანობს, ემოციურად ძალიან მძიმე მდგომარეობაშია თვითონ, თუ ეს შედეგი, რაც დადგა, მისმა მოქმედებამ გამოიწვია. ძალიან განიცდის იმ ფაქტს, რაც მოხდა. მითუმეტეს, პოლიციელია, ადამიანს, რომელიც კანონს იცავდა, ედავებიან, რომ მისმა გასროლილმა ტყვიამ სრულიად უდანაშაულო ადამიანი იმსხვერპლა. ძალიან რთული სიტუაციაა, ეს ადამიანი გასროლის ფაქტს ადასტურებს, მისი მხრიდან იარაღის გასროლა რამდენჯერმე მოხდა, თუმცა, გასროლა მოხდა ჰაერში, ველოდებით ექპერტიზის დასკვნას, მტკიცებულებებს რას გადმოგვცემენ. ამ ადამიანს რომ ვინმეს მოკვლის განზრახვა ჰქონდა, ან დაენახა თავის მიერ გასროლილი ბრმა ტყვია ვინმეს როგორ მოხვდა, მსგავს რამეს ადგილი არ ჰქონია”, -აცხადებს გაბრიაძის ადვოკატი.

ცნობისთვის, პროკურატურამ ვაჟა-ფშაველას გამზირზე, ბრმა ტყვიით ქალის მკვლელობის საქმეზე პოლიციელი დააკავა. უწყების ინფორმაციით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ს.გ.-მ საკუთარი საცხოვრებელი ბინის აივნიდან განახორციელა ცეცხლსასროლი იარაღიდან უმისამართო გასროლა. გასროლილი ტყვია თავის არეში მოხვდა მიმდებარე კორპუსში მცხოვრებ თ.ა.-ს, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა.

მსგავსი თემები